LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ მეფის ხიდის პანდუსზე მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

222
71858039-2993991683950745-2434048835266281472-o

დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თამარ მეფის ხიდის პანდუსზე სამუშაოები მალე დასრულდება. კალაძის განმარტებით, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება.

„რამდენიმე თვეა მიმდინარეობს თამარ მეფის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია, რაც კოჭების შეცვლას, ბურჯების თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელის მოწყობას ითვალისწინებს.

ამჟამად, სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს – საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა და რამდენიმე დღეში მთლიანად დასრულდება. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარს შეადგენს. რამდენიმე დღეში ავტომობილებით გადაადგილება უკვე შესაძლებელი იქნება“, – განაცხადა კახი კალაძემ.

თბილისის მერმა მოსახლეობას მოუბოდიშა და განმარტა, რომ პანდუსის ავარიული მდგომარეობის გამო მისი რეაბილიტაცია  აუცილებელი იყო.

„კიდევ ერთხელ მინდა, ბოდიში მოვუხადო მოსახლეობას, რადგან გარკვეული დროის განმავლობაში შეზღუდული იყო აქ გადაადგილება. ხიდი ავარიულ მდგომარეობაში იყო. შესაბამისად, აღნიშნული პროექტის განხორციელება ერთ-ერთი პრიორიტეტული იყო და საჭიროებას წარმოადგენდა. თამარ მეფის ხიდის პანდუსი ყველანაირად განახლებული და მოწესრიგებულია და რამდენიმე ათეულ წელს გაუძლებს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

უწყების ინფორმაციით, თამარ მეფის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „კონსტრაქშენ სერვისმა“ აწარმოა.