თამარ მეფის სახელობის ხიდის პანდუსის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, წინასაახალწლო პერიოდში, როდესაც განსაკუთრებით აქტიურდება საავტომობილო მოძრაობა, გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგა. როგორც მერიაში აცხადებენ, ყველაფერი ისე გაკეთდა, რომ ქალაქმა პანდუსით კიდევ მრავალი წელი ისარგებლოს.
რეაბილიტირებული პანდუსი დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა.
“კვლევამ აჩვენა, რომ ეს კონკრეტული მონაკვეთი იყო მძიმე, შეიძლება ითქვას, სახიფათო მდგომარეობაში. შარშან ერთი პატარა მონაკვეთის რეაბილიტაცია ჩავატარეთ, გადაუდებელი საჭიროებიდან გამომდინარე. დღეისათვის კი სამუშაოები მთლიანად დასრულებულია თავისი გამწვანებით. მოეწყო თარგები, ელექტროგადამცემი კაბელები მიწის ქვეშ განთავსდა, დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები თავისი ლედ სანათებით და კლდის მხატვრული მინათებით. 2 მილიონზე მეტი დაჯდა პროექტის განხორციელება.
სამუშაოების წარმოება გარკვეულ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს. დღეიდან გადაადგილება უპრობლემოდ არის შესაძლებელი ისე, რომ მძღოლებს არანაირი დაბრკოლება არ შეექმნათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პანდუსის რეაბილიტაცია ითვალისწინებდა კოჭების შეცვლას, ბურჯის თავების რეაბილიტაციას, სავალი ნაწილისა და ტროტუარის მოწყობას, საყრდენი კედლის მშენებლობას, მოაჯირების შეცვლას, თვალამრიდის, ახალი გარე განათების ქსელისა და კლდის დეკორატიული მინათების მოწყობას.
პროექტზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოებს თბილისის მერიის კონტრაქტორი კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ აწარმოებდა.