ექიმი-პულმონოლოგი თამარ ჟამურაშვილი, რომელიც ბერლინში შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის პნევმოლოგიისა და ინფექციურ განყოფილებაში მუშაობს, პირბადეებისა და მათი ღია თუ დახურულ სივრცეში ტარების მიზანშეწონილობაზე საუბრობს.
„პირბადის ტარების საჭიროება ღია სივრცეში, თუ 2 მეტრის დაშორებით სხვა ადამიანი არ დგას, არ არსებობს!
არ მესმის ეს აჟიოტაჟი, რაც ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა და არც ის განაცხადი, თითქოს საქართველო პირველია ისრაელის შემდეგ, ვინც ღია სივრცეში პირბადეების ტარებას აღარ მოითხოვს. გერმანიაში ღია სივრცეში პირბადეების ტარება, თუ ხალხი ჯგუფურად არ იდგა, არც ყოფილა სავალდებულო და თუ დავფიქრდებით, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია.
SARS-CoV-2 არ არის ვირუსი, რომელიც ჰაერში არსებობს და სხვა რესპირატორული ვირუსების მსგავსად, შეიძლება შეგხვდეთ. ეს ვირუსი მხოლოდ ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, შესაბამისად, ღია სივრცეში, თუ 2 მეტრის სიახლოვეში სხვა ადამიანი არ დგას, პირბადის ტარება, განსაკუთრებით 40 გრადუს სიცხეში, ყოველგვარ აზრს მოკლებულია.
მიუხედავად ამისა, გარკვეულ ადგილებში, მაგალითად გაჩერებებზე, მიტინგებზე, (აქტუალური პრობლემა საქართველოში) თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, აუცილებელია, გვეკეთოს პირბადე‼
რატომ უნდა დაჯარიმდეს ადამიანი ბულვარში მარტო სეირნობის დროს, როცა შეიძლება მხოლოდ ხალხმრავალი ადგილების გაკონტროლება?
სწორედ ასეთი, ლოგიკას მოკლებული რეგულაციები იწვევს ხალხში აგრესიას. არგუმენტი, რომ სხვა ქვეყნებშიც არსებობდა ასეთი რეგულაცია, საკმაოდ სუსტია. კოპირების ნაცვლად სულ ცოტა საკუთარი ინტელექტი ჩავაქსოვოთ და რაც მართლაც საჭირო და აუცილებელია, იმაში მივბაძოთ წამყვან ქვეყნებს არ იქნებოდა ურიგო.
1,5-2 მეტრიანი დისტანცია აუცილებელია!
თუ დისტანციის დაცვა ღია სივრცეში ვერ ხერხდება, პირბადე აუცილებელია!
დახურულ სივრცეებში 2 -მეტრიანი დისტანცია და პირბადე აუცილებელია!
მდგომარეობა სახიფათოა! ინფიცირებულთა რიცხვი შემცირების ნაცვლად იზრდება ევროპის ქვეყნებშიც. ცოტა მოულოდნელი ტრენდია შარშანდელთან შედარებით, მით უმეტეს, რომ აცრები დაწყებულია, ამიტომ უნდა გავფრთხილდეთ და აუცილებელია, ურთიერთგამომრიცხავი აზრების გავრცელებისგან ექიმებმა თავი შევიკავოთ“.