LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ჩოგიგოძე: ,,მორალურად და ფინანსურად მძიმე წელი იყო, მაგრამ გაორმაგებული ძალისხმევით და უკეთესი მომავლის იმედით ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს…”

2706
chigogidze

რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე იმ გამოწვევების შესახებ საუბრობს, რომელთა გადალახვა, როგორც მედიასაშუალების ხელმძღვანელს, საკუთარ თანამშრომლებთან ერთად მოუხდა 2020 წელს, რომელიც ეპიდემიოლოგიური ვითარების გარდა, ბიზნესკომპანიებისთვისაც გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიმძიმით.

2020 წლის 31 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ 23 წელი შეუსრულდა, ამავე რადიოჰოლდინგის კიდევ ერთ რადიოსადგურს, „ავტორადიოს“’ – 13. ისე მოხდა, რომ 23 წლის წინ, წელიწადის ბოლო დღეს, ძალიან დიდი მედიაჰოლდინგის დაფუძნებას ჩაეყარა საფუძველი…

მომავალი წლის მთავარი გეგმების შესახებ აქცენტებს ჩვენთან ინტერვიუში რადიოჰოლდინგის გენერალური დირექტორი დასვამს.

2020 წელი ყველა ბიზნესისთვის რთული გამოდგა. რა გამოწვევების წინაშე დადგა კომპანია, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ?

თამარ ჩიგოგიძე:

რა თქმა უნდა, გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ 2020 წელი ჩვენი კომპანიისთვისაც საკმაოდ მძიმე იყო, მათ შორის მორალურად ჩემთვის, როგორც რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ ხელმძღვანელისთვის, რადგან ვგრძნობდი დიდ პასუხისმგებლობას თანამშრომლების წინაშე. პირველად დავდექით ამგვარი გამოწვევებისა და სირთულეების წინაშე. ვნერვიულობდი იმაზე, რამდენად შევძლებდით ფინანსურ ნაწილში ვალდებულებების შესრულებას თანამშრომლების მიმართ. პანდემიის პირველი ტალღის დროს ვხვდებოდით, რომ მედიასაშუალება არ არის ის ბიზნესი, რომელსაც შეუძლია გაიხუროს კარი და წავიდეს სახლში. რადიოს უნდა გაეგრძელებინა მუშაობა და საზოგადოების ინფორმირება. ამიტომ კრისიზული ვითარების მიუხედავად, გაორმაგებული ენერგიით ვმუშაობდით, დავამატეთ ახალი გადაცემები, სამედიცინო, ფსიქოლოგიური, რადგან თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მეტი საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ მსმენელსა და მკითხველს, ამ მიზნით განსაკუთრებით გავაძლიერეთ ციფრული პლატფორმები, მათ შორის ჩვენი ვებგვერდი fortuna.ge.

ჩვენს კომპანიაში 130 თანამშრომელია დასაქმებული და მთლიანი გუნდის შენარჩუნება მოვახერხეთ. შეიძლება ითქვას, ეს პერიოდი ნაკლები დანაკარგით გავიარეთ. დიდი წნეხი იყო, როგორც ხელმძღვანელისთვის, რომ ორი თვის განმავლობაში, თანამშრომლებს მცირედით შევუმცირეთ ხელფასები.

ზაფხულის პერიოდში მეტ-ნაკლებად ამოვისუნთქეთ, მაგრამ წინასწარ ვიცოდით, რომ შემოდგომა არ იქნებოდა მარტივი. ამის მიუხედავად, ვირუსის ასეთ გავრცელებას ნამდვილად არ ველოდით… სამწუხაროდ, 2021 წლის კვლევების მიხედვით, ფინანსურად მარტივი არც 2021 წელი იქნება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა გეგმები აქვს კომპანიას და რას და როგორ ცვლის?

ვმუშაობთ იმისთვის, რომ მსმენელსა თუ მკითხველს მაქსიმალურად დროულად მივაწოდოთ საჭირო და საინტერესო ინფორმაცია. ფინანსური კუთხით – ამ ეტაპზე ვიმედოვნებთ, რომ ხელფასების შემცირება არ მოგვიწევს, მარკეტინგის სამსახური პრაქტიკულად გაათმაგებული რესურსით მუშაობს. პირველი ტალღის დროს ბევრმა კომპანიამ გააუქმა გრძელვადიანი ხელშეკრულება, რაც, რასაკვირველია, მოსალოდნელი გახლდათ. მადლობელი ვართ იმ კომპანიების, რომლებმაც დატოვეს რეკლამა, კომპანიიდან ფინანსური ვალდებულებები არ გაიტანეს და შეიძლება ითქვას, მოგვეცა გადარჩენის საშუალება.

თქვენთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, რა იცვლება, რაზე იქნება მოთხოვნა უფრო მეტად მომავალში?

იმაზე, რაზეც ჩვენ ბოლო ხუთი წელია, ვაკეთებთ აქცენტს, სოცმედიის მიმართულება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ციფრულ მედიაში ვიყოთ ისევე კარგად პოზიციონირებულნი, როგორც რადიოსფეროში. ჩვენს საიტს მილიონამდე უნიკალური ვიზიტორი ჰყავს თვეში და ვიმედოვნებთ, რომ ახალი პროექტების შემდეგ, რაც დაგეგმილი გვაქვს, რაოდენობა ბევრად გაიზრდება.

ჩვენი კომპანიის სტრატეგიაა საჭირო და სასარგებლო ინფორმაციის გავრცელება. ახლა ეს მიმართულება კიდევ უფრო მეტად გავაძლიერეთ. ამაში განსაკუთრებულად ჩავრთეთ „ავტორადიო“, რომლის საშუალებითაც ბევრ ახალ პროექტს მოისმენთ ფასეული და მნიშვნელოვანი ინფორმაციის კუთხით.

რამდენად ეხმარება სახელმწიფო თქვენს სექტორს რეაბილიტირების პროცესში?

ზოგადად, ბიზნესისთვის დაწესებული გარკვეული შეღავათები, ჩვენი სექტორისთვის უმნიშვნელო გამოდგა. მოხარულნი ვიქნებით, თუკი სახელმწიფო უფრო მეტი ყურადღებით შეხედავს ჩვენს პრობლემებს და გაიზიარებს მათ. უკვე მივმართეთ ერთხელ სახელმწიფოს, რასაც, სამწუხაროდ, არ მოჰყოლია გამოხმაურება. ახლა კიდევ ერთხელ ვაპირებთ ამ საკითხის წამოწევას, რომ სახელმწიფო უფრო ლოიალური გახდეს ჩვენი სექტორის მიმართ. გარდა ფინანსური დოვლათისა, რადიოსექტორი ქმნის და ავრცელებს ინფორმაციას, მედიასაშუალებების მნიშნელოვანი რგოლია და მიგვაჩნია, რომ მეტ პატივისცემას, ყურადღებასა და დახმარებას ვიმსახურებთ. ვნახოთ, რა შეღავათები იქნება ჩვენი სფეროს მიმართ მას შემდეგ, რაც სახელმწიფოს კიდევ ერთხელ მივმართავთ.

23 წლის წინ, 31 დეკემბერს, რადიო „ფორტუნა“ პირველად გავიდა ეთერში, ხოლო 13 წლის წინ, კიდევ ერთი თქვენი რადიოსადგური – „ავტორადიო“. როგორ აღნიშნავს კომპანია ამ მნიშნელოვან თარიღს? რ არის მთავარი, რასაც ჰოლდინგმა მიაღწია?

ძალიან გვიყვარს ეს თარიღი, სამწუხაროდ, წელს მას მოკრძალებულად აღვნიშნავთ და საპატიო სტუმრებს ვერ ვეპატიჟებით. ოჯახურ წრეში აღვნიშნავთ ამ დღეს.

ვფიქრობ, ზოგადად, რადიოს პოპულარიზაციას საქართველოში ხელი ჩვენმა ჰოლდინგმა შეუწყო. გაგვიმართლა, რომ ამერიკელი პარტნიორები გვყავდა და რადიოჰოლდინგი თავიდანვე სწორ საწყისებზე დაფუძნდა. საქართველოში მთელი რადიომსმენელის ნახევარი ჩვენს რადიოებს უსმენს, „ფორტუნას“, „ფორტუნა პლუსს“, „არ დაიდარდოს“ და „ავტორადიოს“. ვამაყობ, რომ შეგვაქვს ჩვენი წვლილი გემოვნებიანი მუსიკის პოპულარიზაციაში და საზოგადოების ინფორმირებაში.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი 2021 წელი. ვისურვებ, რომ ადვილად გადავლახოთ პანდემია და ის 2020 წელს დარჩეს, ყველას ჯანმრთელობას, ბედნიერებას, დღეგრძელობას და ფინანსურ კეთილდღეობას ვუსურვებ!.. ჩვენ კი, მიუხედავად რთული და გამოწვევებით სავსე წლისა, გაორმაგებული ძალისხმევით და უკეთესი მომავლის იმედით ვაგრძელებთ ჩვენს საქმეს…

 ინტერვიუ: ნინო მურღულია

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები