LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თალიბები“ამტკიცებენ, რომ ავღანეთში პანჯშირის ხეობა დაიკავეს

54
პანჯშირის ხეობა

Reuters-ის ინფორმაციით, „თალიბებმა“ ავღანეთში, პანჯშირის ხეობა დაიკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა თალიბების ლიდერებზე დაყრნობით ავრცელებს და წერს, რომ მათ აჰმად მასუდის მიერ დაწყებულ წინააღმდეგობის მოძრაობაზე გაიმარჯვეს. „თალიბების“ მტკიცებით, ამბოხებულთა ნაწილი მოკლულია, ნაწილმა კი ხეობა დატოვა.

„პანჯშირის ხეობა სრულად დაეცა ავღანეთის ისლამური საემიროს წინაშე“, – წერს Twitter-ზე თალიბანის ერთ-ერთი ლიდერი, ზაბიჰულა მუჯაჰიდი. მისი განცხადებით, ამ გამარჯვებით ჩვენი ქვეყანა ომის მორევიდან ამოვიდა.

„ჩვენი ხალხი ბედნიერად იცხოვრებს მშვიდობასა და თავისუფლებაში მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – წერს მუჯაჰიდი.

გამოცემის ცნობით, „თალიბანის“ მიერ ხეობაზე კონტროლის მოპოვებას,  ხეობის ადმინისტრაციულ ცენტრში „თალიბების“ მიერ გადაღებული ფოტოებიც მოწმობს, რომლებიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.

თალიბანის ლიდერების თქმით, პანჯშირის ხეობის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც ეთნიკურად დომინანტური პუშტუნებისგან განსხვავდებიან დისკრიმინაციული მოპყრობა არ იქნება. „ისინი ჩვენი ძმები არიან და ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე ერთად უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა მუჯაჰიდმა.

პანჯშირის ხეობის დაცემას არ ადასტურებენ თავად წინააღმდეგობის მოძრაობაში. აქამდე არ გავრცელებულა კომენტარი მოძრაობის ლიდერის აჰმად მასუდის მხრიდან, მაგრამ ამბოხებულთა საგარეო ურთიერთობათა ლიდერი, ალი მაისამ ნაზარი აცხადებს, რომ თალიბანის მტკიცება უსაფუძვლოა და ბრძოლა გრძელდება.

ცნობისთვის, პანჯშირის ხეობა ერთადერთი ადგილია ავღანეთში, რომელზე კონტროლიც თალიბანს არ ჰქონდა. ისლამისტურმა ორგანიზაციამ აშშ-ის და კოალიციის ჯარების ავღანეთიდან გასვლის პარალელურად, ქვეყანაზე კონტროლი სულ რამდენიმე კვირაში მოიპოვა.

თალიბები ავღანეთის დედაქალაქ – ქაბულში 15 აგვისტოს შევიდნენ, მაშინ, როცა კოალიციის ჯარებს ევაკუაცია დასრულებული არ ჰქონდათ. აშშ-ის მიერ 30 აგვისტოს ავღანეთის საბოლოოდ დატოვების შემდეგ, მხოლოდ პანჯშირის ხეობა დარჩა, რომელიც თალიბანს  წინააღმდეგობას უწევდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები