ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ის ხვალ, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს, ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება.
როგორც თალაკვაძე აღნიშნავს, “თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი დასრულებული არ ექნებათ, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან”.
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ენმ-ის შიგნით სერიოზული დაძაბულობაა, რაც საჯაროდ უკვე ჩანს:
“რადიკალური ოპოზიცია ძალიან ნერვიულობს ამ დღეებში, რადგან დღის წესრიგში საკითხები აღარ დარჩათ, რომელზეც ხმამაღლა და პათეტიკურად შეუძლიათ ისაუბრონ, ამიტომ ცდილობენ მოიფიქრონ საკითხები, რითაც საინფორმაციო ზედაპირზე დარჩებიან.
ამის გარდა, შიგნით სერიოზული დაძაბულობაა, რაც საჯაროდ ჩანს უკვე. როგორც ჩანს, ფანჩატურის და ქოლგის იდეა ჩავარდა და ახალ ფორმატებზე ფიქრი სჭირდებათ. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, მოკლედ გიპასუხებთ, თუ ასეთი მავნებლური დღის წესრიგით მუშაობა გააგრძელეს, როგორითაც ახლა მუშაობენ, რიგგარეშე არჩევნებზე ფიქრი არ ექნებათ დასრულებული, რომ რიგით არჩევნებში კიდევ ერთხელ დამარცხდებიან.” – თქვა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ვადამდელი არჩევნებისთვის ბრძოლაში “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად სხვა ოპოზიციური პარტიებიც ჩაერთვებიან. როგორც ხაბეიშვილმა პარტიის გეგმაზე საუბრისას განაცხადა, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამაზე 20 აპრილს ისაუბრებს.