თბილისში წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. ეკლესია 20 აპრილამდე დროებით დაიხურა. ამის შესახებ ტაძრის მსახურმა, პაატა გელოვანმა განაცხადა. მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე მრევლი ეკლესიაში შესვლას ვერ შეძლებს.
„ამჟამად ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება. შესაბამისად, ტაძარი დახურული იქნება აღდგომის დღესასწაულზეც“, – განაცხადა პაატა გელოვანმა.
კორონავირუსით ინფიცირებული სასულიერო პირი იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურია. ტაძრის სხვა სასულიერო პირები და სტიქაროსნები, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელმსახურთან, 20 აპრილამდე თვითიზოლაციაში იქნებიან.
„სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მსახურები, რომელთაც კონტაქტი გვქონდა კორონავირუსით ინფიცირებულ მღვდელმსახურთან, 20 აპრილამდე თვითიზოლაციაში ვიქნებით. ტესტირება ჯერ არავის ჩატარებია” – აცხადებს გელოვანი.
კორონავირუსით დაინფიცირებული სასულიერო პირი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პირი ტაძარში მსახურებაზე 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე იმყოფებოდა. ამ დრომდე უცნობია დაინფიცირებული სასულიერო პირის კონტაქტების ზუსტი რაოდენობა. გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირს კორონავირუსი განმეორებით ტესტირებისას გუშინ დაუდგინდა. ინფიცირებული მღვთელმსახური და მისი ოჯახის წევრები ბოჭორიშვილის კლინიკაში არიან მოთავსებული.