LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თადუმაძის გაჭირვება – შემოდგომის მოსამართლე

1245
თადუმაძის გაჭირვება

კლდიაშვილის მოთხრობის გმირებს ფული და ქონება არ გააჩნდათ, თორემ  არც სიამაყე აკლდათ და არც ამბიციები. ქამუშაძეების გაჭირვება მძიმე იყო იმ შემოდგომაზე, მძიმეა თადუმაძის გაჭირვებაც ამ შემოდგომაზე. თანამედროვე პროტოტიპს სიმდიდრე და ქონება არ აკლია, არც აზნაურობის დიდებაზე ოცნებოს, მხოლოდ უვადო მოსამართლეობა უნდა გაურკვეველი შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტით. მოქმედი გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის აღნიშნულ თანამდებობაზე მოსვლის დღიდან, გაჩნდა ეჭვი მის იურიდიულ განათლებასთან, კონკრეტულად კი მის დიპლომთან დაკავშირებით. საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რამდენიმე ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა ჩაატარა და გამოაქვეყნა თადუმაძის განათლების  დამადასტურებელი მოწმობები თარიღებით და დამატებითი დანართებით. საქმეში ოპოზიცია აქტიურად იყო ჩართული. „უდიპლომო პროკურორს“ არარსებულ ინსტიტუტში გაყალბებულ და თაღლითურად შეძენილ დიპლომს ედავებიან. მართალია სამოსანი და ოთხოსანი კი ვიყავი და სანიმუშოობით არ გამოვირჩეოდი, მაგრამ მაინც ვისწავლეო თადუმაძემ. მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მას პარლამენტში მოუწია, როდესაც დეპუტატების წინაშე წარსდგა, როგორც უვადო მოსამართლეობის მსურველი კანდიდატი.

შალვა თადუმაძე დიპლომთან დაკავშირებულ კითხვებს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ დაუსვა, თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა. ჯერ კიდევ არარსებულ ინსტიტუტში ჩარიცხვა და 4-წლიანი კურსის დამთავრების შემდეგ დიპლომში 5-წლიანი პროგრამის წარმატებით დამთავრება, თადუმაძემ ექსტერნის წესით დაასაბუთა და აღნიშნა, რომ ეს მაშინდელი განათლების სამინისტროს კანონით შესაძლებელი იყო. 16 წლის თადუმაძის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და მისი შემდგომი განათლების პროცესები მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატის კითხვებით არ დასრულებულა. გენერალური პროკურორის მტკიცებით აქამდე მისი დიპლომი არც ერთ უწყებას ეჭქვეშ არ დაუყენებია და თავადაც აღნიშნა, რომ პასუხებში გულწრფელი იქნებოდა, თუმცა ცივი ოფლის მოწმენდა ხშირად მოუწია.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი გიგა ბოკერია დაინტერესდა მომავალმა მოსამართლემ თუ იცოდა ყველაზე გახმაურებული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმე, რომელზეც მხოლოდ ერთი პირია ცნობილი დამნაშავედ. აღნიშნულ საქმეზე დანარჩენი ოთხი თანამონაწილე და რომლის გვარებიც ბოკერიამ დაასახელა, დღემდე არ არიან პასუხისგებაში მიცემული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი ვიდეოჩანაწერი. ბოკერიას შეკითხვას ვიდეომასალის, როგორც მტკიცებულების გამოყენებას, როგორც ოთხოზორიას, ასევე 20 ივნისის აქციის საქმეში, თადუმაძემ გაუკვევლად უპასუხა. აღმოჩნდა, რომ ოთხოზორიას საქმეს მხოლოდ ნაწილობრივ იცნობდა და არსებული ჩანაწერის არსებობის შემთხვევაშიც კი გამოძიებას წლები სჭირდება დამნაშავე გამოავლინოს, ხოლო 20 ივნისის ღამეს ვიდეომასალის საფუძველზე ეჭვმიტანილები მაშინვე დააკავეს.

დიპლომის სკანდალი გრძელდება: თადუმაძე კურსელებს და ლექტორებს არ ასახელებს [ვიდეო]

"3-ის კი არა, 10-ის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ მათთვის არ მიკითხავს, შემეძლო თუ არა პარლამენტის ტრიბუნიდან დამესახელებინა მათი სახელი და გვარი"

 

პროკურორმა, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს უვადო მოსამართლე, მიიჩნევს, რომ მისი საქმიანობა საადვოკატო სფეროში უფრო წარმატებული იყო, ვიდრე პროკურორის თანამდებობა. თუმცა აღნიშნავს, რომ მის სამომავლო საქმიანობაში დისკომფორტი არ ექნება და იმუშავებს იქ, სადაც მას პარლამენტი ენდობა.

შალვა თადუმაძემ ვერ გაიხსენა ვერც ერთი ჯგუფელი, რომელთანაც უსწავლია და ვერც პროფესორ-მასწავლებლები, ვინც ასწავლიდნენ, თუმცა ოპოზიციას განუმარტა, რომ  წინასწარი შეთანხმების გარეშე მათ ვინაობაზე ვერ ისაუბრებდა.

საკითხი ყურადღების მიღმა არ დარჩენია რომან გოცირიძეს, რომელმაც საკუთარი ერთი თვის ხელფასი გადადო თადუმაძის ჯგუფელებისთვის და თბილისის ყველაზე საუკეთესო სახინკლეში დაპატიჟა. აქვე აღნიშნა, რომ თადუმაძის მიერ დასახელებული რიცხვი, ჯგუფელების რაოდენობასთან დაკავშირებით დიდია, თუმცა იმის გასარკვევად იყო თუ არა მომავალი უზენაესი მოსამართლე აღნიშნულ პერიოდში სტუდენტი, ალბათ ღირდა.

გოცირიძე თადუმაძის რეალურ კურსელებს სახინკლეში ეპატიჟება [ვიდეო]

 

“უვიცი და თაღლითი“ – ასე უწოდა სალომე სამადაშვილმა თადუმაძეს, ხოლო დიპლომი, რომელიც მის განათლებას ადასტურებს, 90-იან წლებში ნაყიდ ქაღალდად შეაფასა. კომიტეტის თავმჯდომარემ სამადაშვილს არაეთიკური კითხვების დასმისთვის მიკროფონი რამდენჯერმე გაუთიშა, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იმის თქმა, რომ  მილიარდერ ივანიშვილს უდიპლომო ადვოკატის ყოლა რაში ჭირდებოდაო, მაინც მოასწრო.

თადუმაძის გაჭირვება ამით არ დასრულებულა.

„იცით, ვინ იყო თემიდა? თემიდა იყო ყველაზე დიდი ღმერთის, ზევსის ცოლი. ზევსის ცოლი რომ არ ყოფილიყო თემიდა, დანიშნავდა იგი მას იუსტიციის მინისტრად? თქვენ რომ „ქართუ ბანკის“ იურისტი არ ყოფილიყავით, თქვენ რომ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული პირი არ ყოფილიყავით, გახდებოდით გენერალური პროკურორი და უზენაესი სასამართლოს წევრი? 100%-იანი ალბათობით თქვენ გახდებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე?“ – იკითხა რომან გოცირიძემ და თადუმაძემ ცივი ოფლი კიდევ ერთხელ მოიწმინდა. თუმცა პასუხის გაცემა არც გასჭირვებია – „ღმერთი თუ ასე გეუბნებათ თქვენ რატო ეწინააღმდეგებით“-ო?!

შალვა თადუმაძემ თავისი საქმიანობის წარმატებულ მხარეებზე ისაუბრა. გაიხსენა, რამდენიმე საქმე, რომელიც სასამართლო სისტემისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. მან დეპუტატებს აუხსნა მისი გამოცდილებებისა და შესაძლებლობების მნიშვნელობა მოსამართლის შემდგომ საქმიანობაში. ისაუბრა საკუთარი თავის საუკეთესო კუთხის წარმოჩენაზე.

„მე, როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და როგორც ზოგადად პროკურორმა, მხოლოდ ერთხელ მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მიუხედავად ამ საპროკურორო საქმის წარუმატებლობისა, ჩემთვის ის ფრაზა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, ეს არის სტანდარტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, რომელიც შეუძლია სასამართლომ გამოიყენოს და თქვას, რომ თუ არ არსებობს სტანდარტი, შეიძლება არ დაკმაყოფილდეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და ეს შუამდგომლობა ჩემი აზრით, ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია და მანიშნებელი იმის, თუ როგორი დამოკიდებულებაა დღეს სასამართლოსა და პროკურატურას შორის, რადიკალურად განსხვავებული არსებულისა, რომელიც არსებობდა აქამდე და ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო სტანდარტია სამომავლოდ მართლმსაჯულების სისტემაში“, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.

რამდენიმესაათიანი მოსმენის დროს დეპუტატებმა დასმულ კითხვაზე პასუხები ზოგმა გაურკვევლად, ზოგმა კი საერთოდ ევრ მიიღო. ალბათ „დიდოსტატის მარჯვენა“-ს  ავტორი ვინ არის კი იცის, მაგრამ არ უპასუხა. დავით კლდიაშვილიც ეცოდინება ალბათ, მაგრამ თადუმაძის გაჭირვება ექსტერნად მიღებული დიპლომით ამ შემოდგომაზე ნამდვილად ვერ დასრულდება.

 

 

„2003 წლის შემდეგ არ ვიცი რა სახელწოდება და როგორი რეორგანიზაცია განიცადა აღნიშნულმა უმაღლესმა სასწავლებელმა, თუმცა დიპლომში რაც წერია, იმ სახელით ოპერირებდა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი. წელიწადნახევარია ადამიანთა ჯგუფი ცდილობს შექმნას ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ჰყავს უდიპლომო გენერალური პროკურორი. ახლა არის მცდელობა შექმნან ლეგენდა, რომ ამ ქვეყანას ეყოლება უდიპლომო უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მაგრამ გარდა ეჭვებისა, არაფერი დოკუმენტი არ არსებობს, რადგან ბუნებაში არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც დაასაბუთებს, რომ მე იურიდიული განათლება არ მაქვს. 1998 წელს არ დამთავრებულა ჩემი იურიდიული განათლება და ამ სფეროში საქმიანობა. მესმის, პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესია. 18 წლის განმავლობაში არასოდეს შექმნილა არც ერთი დოკუმენტი, რომ ჩემი დიპლომი ეჭვქვეშ დამდგარიყო, ვიყავი რა აქტიური იურისტი“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

 

 

შალვა თადუმაძის უმაღლეს მოსამართლეობას საქართველოს უმალესი საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, მანამდე კი საზოგადოებისთვის საინტერესო რომან გოცირიძის მიერ სახინკლეში მიწვეული იურისტების სია იქნება.