LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სვიმონ ჯანგულაშვილის წერილი გიორგი უშიკიშვილის წინააღმდეგ – „ტიპური ნაცი მატყუარა, ზონდერია…“

3989
giorgiushikishvili2010

სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი, სვიმონ ჯანგულაშვილი გიორგი უშიკიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ წერილს კიდევ უფრო დიდი წერილით პასუხობს, სადაც წერს, თუ რატომ არ უყვართ ფოლკლორის სამყაროში გიორგი უშიკიშვილი. გთავაზობთ ამონარიდებს მისი წერილიდან, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სახელწოდებით „უშიკიშვილი, ნაცები და ფოლკლორი“.

„ეს ნიჭიერი მომღერალი მე 2000 წელს გავიცანი, გიორგი დონაძესთან და მათ თანა-მომღერლებთან ერთად მოვიდა სამების საპატრიარქო გუნდში…რამდენიმე წელი გალობდა და მღეროდა ჩვენთანაც თავის ანსამბლთან ერთად. და ძნელი იყო არ მოეხიბლე მის სიმღერას – ტემბრული სიღრმითა და ფერადოვნებით არც ისე მდიდარი, მაგრამ, ძალიან ლამაზი, ნათელი ხმა, პიანოს დროს ტკბილი, ხოლო ფორტეში – ექსპანსიური და ეგზალტირებული, უნიკალური ტექნიკა, ემოციური შემართება, თავდავიწყებით მღერის მომნუსხველი უნარი, კახური სიმღერისათვის სახასიათო, ნოტებით გადმოუცემელი მიკრო-ინტერვალებით მღერა… მოკლედ, ძალიან მაგრად და კარგად მღერის…

უშიკიშვილი იყო ის პირველი ხელოვანი, ვინც დამაფიქრა იმაზე, რომ შეიძლება ადამიანი კარგი ხელოვანი იყო, მაგრამ, შენი პიროვნება – ზნეობრივი ჰარმონიის არქონით, მაღალი ღირებულებებისგან სრული დაცლილობით და თითქმის აბსოლუტური გაუნათლებლობით შორს იყოს იმისაგან, რასაც საოცარი თვითნაბადი ნიჭით ქმნი…

შემდეგ იყო მისი მუდმივი საუბარი იმაზე, რომ ანზორ ერქომაიშვილი ახალგაზრდა თაობებს ბლოკავს, რომ ის ფეოდალია, რომელიც მოაჯდა ფოლკლორს და მარტო თვითონ დადის უცხოეთში, რომ ის ხელს უშლის ფოლკლორს განვითარებასა და პოპულარიზაციაში, რომ ჰამლეტ გონაშვილი ძალიან ცუდად და არასწორად მღეროდა ქართულ სიმღერას…

აი აქ ჩვენი და უშიკას გზები გაიყო. სხვათა შორის, ამაში გარკვეული როლი მისმა უწმიდესობამაც შეასრულა, რომელმაც გვითხრა, რომ არ შეიძლება ერის სასიქადულო შვილების მტრობა, ეს დიდი ცოდვა არისო…

რა თქმა უნდა, გიორგი უშიკიშვილმაც დაინახა, რას ნიშნავს, იყო ანზორ ერქომაიშვილი… თუმცა, თავისებურად დაინახა და გადაწყვიტა, ის ჩაერეცხა, მისი დემონიზება მოეხდინა და თვითონ დაეკავებინა საზოგადოებისათვის საპატივცემულო ადგილი, რაც, დღემდე მისი აზრით, ანზორ ერქომაიშვილს უსამართლოდ უკავია, და „ფეოდალია“…

ეტყობა ძალიან ტკბილი სიმღერისა და ნიჭიერების, ასევე – უფროსი თაობების და მასწავლებლების (რომელთა ჩარეცხვაც ნაცების ერთ ერთი ნაცისტური ამოცანა იყო) მიმართ სიძულვილისა და განსაკუთრებული ინტელექტუალურ-სულიერი სიახლოვის გამო, 25 წლის უშიკიშვილი ძალიან დააფასეს ნაცებმა და საქართველოს ფოლკლორის მმართველად დანიშნეს…

მთელ თავის გავლენას, ძალაუფლებას, პრეზიდენტთან, მერაბიშვილთან და სამთავრობო ელიტასთან სიახლოვეს იმაში იყენებდა, რომ ჩაერეცხა ანზორ ერქომაიშვილი, თემურ ქევხიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, რობერტ გოგოლაშვილი, “რუსთავი”, “ერისიონი”, “ქართული ხმები”, “ბიჭები”, “მართვე”… დიახ, „მართვე“ – ის ანსამბლი, რომლის წყალობითაც მან, პატარა ახმეტელმა ბიჭმა შეძლო მოშორებოდა პროვინციული ცხოვრების სიმძიმეს და მიეღწია იმ ყველაფრისათვის, რასაც მიაღწია… მე სხვა მაგალითი, როდესაც ასე მტრობს ადამიანი საკუთარ პედაგოგს და საკუთარ გუნდს, არ მახსენდება…

უფრო მეტიც, ის დაერია რეგიონებში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებსაც და დაიწყო მათი ჩაგვრა… მისგან შერისხულ და დაწუნებულ ლოტბარებს შორის მოხვდა პოლიკარპე ხუბულავა – მეგრული სიმღერის პატრიარქი, გურუ, საოცარი და გენიალური ხელოვანი.. ირაკლი მათიკაშვილი, გელა გუგავა, მურთაზ ციმინტია… ხოლო მისი დამოკიდებულება თანატოლების მიმართ იყო ტიპურად ნაცური – ის იყო უფროსი, პატარა მიშა, და დანარჩენები – არავინ და არაფერი…

ყველაზე ამაზრზენი – მან დაიწყო ანზორ ერქომაიშვილის მიერ გაკეთებული საქმეების მითვისება და მისაკუთრება. “მე მოვიპოვე ჩანაწერები”, “მე აღმოვაჩინე ჩანაწერები”, “პირველად საქართველოში გამოვეცი (აქ შეგიძლიათ ნებისმიერი მანამდე უკვე გამოცემული, მიკვლეული ან შესრულებული სიმღერა ჩაწეროთ)” და მსგავსი ოდიოზური განცხადებები მისი ორატორული საგანძურის ჩვეულებრივი მარგალიტები იყო ?

მთავარი კანალიზაციის გუშინდელ უგემოვნო საარჩევნო ვიდეოშიც – ერის ბედზე მჭმუნვარე ხელოვანთა შესახებ, ნათქვამია, რომ უშიკიშვილმა მოიარა მთელი საქართველო და შექმნა უნიკალური აუდიო არქივი…

გიორგი უშიკიშვილი: „მსურს, ყველა თქვენგანს მოვუყვე ის, რაც აქამდე არ დამიწერია...“

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს

დიახ! ანზორ ერქომაიშვილის მიერ წვალებით და წამებით ჩამოტანილ მართლაც უნიკალურ აუდიო-არქივებს, რომლებიც ბატონმა ანზორმა უანგაროდ შესწირა სხვადასხვა ქართულ საცავებს, გვაცნობდნენ, როგორც უშიკიშვილის მიერ შექმნილსა და მოპოვებულს..

უშიკ გადამრჩენელი, თვითონვე წერს ხსენებულ პოსტში (რომელსაც უფრო მეტად ეტყობა რედაქტორის ხელი, ვიდრე მის სხვა გულ-ალალ ვერბალურ თუ ნარატიულ სიბრძნეებს, რომელნიც ბრწყინავენ, როგორ ვთქვა ამაზე რბილად და – აუთენტურად დაუფიქრებელი, გლეხურად გულწრფელი, დაშხოშიანი მეტყველებით, ჩაუხვედრელის სიბრძნითა და პუნქტუაციის და პრეფიქს-სუფიქსთა თავისებური სტილიზაციით), 2 მილიონი ლარი გამოყო ჩემ დროსაო პრეზიდენტმაო ფოლკლორისთვისაო და ჩამოთვლის პროექტებს… ჩვენც კარგად გვახსოვს, სააკაშვილმა მართლაც გამოყო მილიონობით ლარი ფოლკლორისათვის, მაგრამ, ის მილიონობით ფული სად წავიდა და რა გაკეთდა, ეს მხოლოდ ჩემმა უშიკამ იცის. ერთი ის მახსოვს, როგორ შემოგვჩიოდნენ ჩოხებისა და ხალხური ინსტრუმენტების ოსტატები – ძალიან დიდ თანხებზე გვაწერინებენ ხელს და ჩვენ ძალიან ცოტას გვაძლევენო. ამის შესახებ ჩვენ მაშინ ყველგან ვსაუბრობდით, მათ შორის ჩვენს ნაც მაღალჩინოსან მეგობრებთანაც. რეაქცია იყო ნული – რაღა თქმა უნდა, უშიკა ამდენი თანხის გათეთრებას თავისით ვერ გაბედავდა. ამიტომ ჩოხებისა და ფანდურ-ჩონგურების საქმე ჩაიფარცხა. ერთი ის იყო, წინა-საარჩევნოდ ყველანი მიგვრეკეს სპორტის სასახლეში, ვისაც კი ოდნავ შეხება ჰქონდა ტრადიციულ ხელოვნებასთან და დიდმა მინისტრმა, გოკა მუსიკალურ-სკოლათ-შემმუსრველმა, პრეზიდენტს განუცხადა მიკროფონში – სპორტის სასახლეში შეკრებილი ათასობით ფოლკლორისტი (არადა, საქართველოში ალბათ სულ 20-30 ფოლკლორისტი იქნება, გადამდგარ-გეპეიში დიპლომ-მიღებულებიანად) თქვენი მადლიერნი არიან ჩოხებისა და ინსტრუმენტებისათვისო… ბევრს თავისი ჩოხა ეცვა, მაგრამ, მიეწერა ეს ყველაფერი ორ მილიონს ) ) )

რაღა თქმა უნდა, უმადურები არ უნდა ვიყოთ – უშიკიშვილმა გადაცვალა ხალხური შემოქმედების სახლის რუსთაველზე მდებარე ოფისი აღმაშენებელზე მდებარე ახალ 4 სართულიან შენობაში, რომლის ორ-სართულ-ნახევარიც გაარემონტა, კომპიუტერები შეიძინა და, როგორც მარინა ბერიძე აღფრთოვანებული აღნიშნავს ხოლმე, XXI საუკუნეში კომპიუტერის უცოდინარ თანამშრომლებს ასწავლა ტექნიკის ამ სასწაულის გამოყენება.

კიდევ, ფოლკლორული ფესტივალი ჩაატარა, რომლის ფინალშიც, ზურგს-უკან მდგარი ათობით მომღერლისა და გუნდების მდუმარების ფონზე, ბოლო ნომრად მარტომ შეასრულა საქართველოს ჰიმნი – ერთ ხმაში, სოლოდ ? ამით ყველამ გაიგო, ვინ იყო ქვეყნის მთავარი მომღერალი ? კიდევ, რამდენიმე ძალიან თხელყდიანი ბროშურა გამოსცა, რომელთა პრეზენტაციებზეც უფრო მეტი ფული და შრომა იხარჯებოდა, ვიდრე თავად ამ ბროშურებს დასჭირდა…

როგორც ყველა ნაცი ჩინოვნიკი, უშიკიშვილიც, როგორც დღეს ამბობენ, „პიარის“ დიდოსტატი იყო – ყველა გაკეთებულ თუ გაუკეთებულ საქმეზე, განსაკუთრებით სხვების გაკეთებულ საქმეებზე, იქნებოდა ის ანზორ ერქომაიშვილი თუ ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლები, მხოლოდ ის გამოდიოდა ტელევიზორში და აუცილებლად იტყოდა რომ, უუუუუნიკალური პროექტი განხორციელდა, რომ ფოლკლორი გადარჩა, ბრწყინავს, რომ ცხოვრება გახდა უფრო ბედნიერი, უფრო მშვენიერი, უფრო ნათელი და უფრო ლამაზი…

მისი მეფობის პერიოდში საინფორმაციო სივრცე აბსოლუტურად დაკეტილი იყო ყველა ლოტბარის, ანსამბლისა თუ გუნდისათვის. უგულავა-ბოკერიას მორჩილების ქვეშ მყოფი ტელევიზიები არ აშუქებდნენ სხვა ანსამბლების მიერ მსოფლიო მნიშვნელობის დარბაზებში ჩატარებულ კონცერტებსაც კი, რადგანაც ეს ასე სურდა მათ პარტიულ ბულბულს…

და მეტი რა უნდათ მისი სექტის მიმდევრებს? ამიტომაც, დღემდე ითვლება, რომ უშიკიშვილმა არათუ მხოლოდ მაშინ – იმ ბედნიერი 9 წლის დროს გადაარჩინა ფოლკლორი, არამედ, დღესაც ის ყოველი თავისი გადაცემით, ყოველი ეკრანზე გამოჩენით, „გიორგი უშიკიშვილის საქართველოში მოგზაურობით“ (რატომაც არაა, რითაა აკაკი წერეთელზე, და იმაზე, ის სულელური ლოზუნგი რომ შექმნა – ილია ჭავჭავაძეზე ნაკლები), ის ყოველ-წუთიერად, ყოველ წამს გადაარჩენს ქართულ ფოლკლორს…

თითქოსდა აღარავის ახსოვს, რომ ამ დარგის უკლებლივ ყველა სპეციალისტი უკმაყოფილო იყო მისი მენეჯერობით, მისი საქმიანობით, მისი უყურადღებობით, ფასადური პროექტებით, გაუთავებელი თვით-პიარით და მართლაც დასაღუპად განწირული ადამიანებით თუ ღირებულებებით…

პატარა ჟულიკობებიც ისწავლა პატარა უშიკამ – მაგალითად, როგორც თვითონ ამბობს, პრეზიდენტის მიერ გამოყოფილი ფულით დაარსებული „ფოლკ-რადიო“ საკუთარ შპს-დ დაარეგისტრირა, მერე პრეზიდენტის ფულით არსებულ საკუთარ შპს-ს უსასყიდლოდ მიაქირავა „საკუთარი“ სახელმწიფო ინსტიტუციის ოთახები ოფისად და ამრიგად, სახელმწიფო ფულის შპს-დან სსიპ-მდე და პირიქით უგზო-უკვლო მოძრაობით განაგრძობდა ფოლკლორის გადარჩენას ანზორ ერქომაიშვილისა და სხვა დიდი მტრებისაგან… რემონტებს და მიღება-ჩაბარების აქტებს რამდენჯერმე აფორმებდა, მათ შორის ოჯახის წევრებთან… საკუთარი ახლობლების რესტორანსაც მიაქირავა ფოლკ-ცენტრის პირველი სართული… და საერთოდ, ძალიან კარგი მენეჯერი იყო, აბა რა ? – როგორც ყველა ნაცი, ისიც ცალ-ცალი კალოშით მისული ხელისუფლებაში, საბოლოოდ მშვენივრად გაპატიოსნებული საზოგადო მოღვაწე დადგა…

სხვათა შორის, მისი ამ საქმოსნურ-კორუფციული ჟულიკობების შესახებ საქმეა აღძრული უკვე 8 წელია, და როგორც „ქართული ოცნების“ ეპოქაში სხვა ნაცური დანაშაულებების გამოძიება, ეს საქმეც თაროზეა შემოდებული…

ბოროტი ენები ამბობენ, ამაში დიდი როლი უშიკას თაყვანის-მცემელმა ერთმა დიდმა და ზორბა დეპუტატმა შეასრულაო, რომელიც, ეხლა კვლავ ნაცურ ტალღაზეა დაბრუნებული და ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების ტირანიას“ ლანძღავს… ვინ იცის? ფაქტია, რომ ვიღაცამ ხელი დააფარა უშიკას – ის ხომ დიდი მენეჯერია…

მართლა არ მსიამოვნებს ამდენი ცუდის ლაპარაკი. მაგრამ, გაჩუმება იმიტომ არ გამოდის, რომ ეს ადამიანები, ვინც არ აგეს პასუხი დანაშაულებზე – მორალურ თუ კორუფციულ, ადამიანობის წინააღმდეგ მიმართულ თუ პოლიტიკურ დანაშაულებზე, ოდნავაც არ ინანიებენ, და პირიქით, დღეს კვლავ ლამობენ წამოგვაჯდნენ თავზე და გვპირდებიან, რომ დავბრუნდებით, უფრო მეტს ვიზამთ, ვიდრე 2003-2012 წლებშიო…

არ გამოდის გაჩუმება, იმიტომ, რომ უშიკიშვილი ნაცების ტალეირანად გვევლინება და ხან კულტურის მინისტრობის კანდიდატია, ხან დეპუტატად იყრის კენჭს, ხან გარეჯის არქიმანდრიტ კირიონს ამუნათებს – როგორ ბედავ გარეჯზე ლაპარაკს, ამით რუსეთის წისქვილზე ასხამ წყალსო, ხან ფოლკლორის ცენტრს დასცხებს – ჩემ მერე იქ ყველაფერი მოკვდაო, ხან ანზორ ერქომაიშვილს გადასწვდება ისევ – ეგ ფეოდალია და მაგას რომ არ დავემონე, ბინძური მეთოდებით მომხსნესო… სხვათა შორის, ამ საკითხზე სასამართლოშიც იჩივლა, რეფორმამდელ, ჯერ კიდევ ნაცურ სასამართლოში, და წააგო დავა, დაუმტკიცეს, რომ კანონიერი იყო მისი გათავისუფლება…

მაინც მსხვერპლად მოაქვს თავი.

გუშინ კი, ფეისბუქით განაცხადა – ნაცებმა და მათმა პრეზიდენტმა ყველაზე მეტი გააკეთეს ფოლკლორისთვისო, მთავარ კანალიზაციაზე კი გვითხრა – მიშას თუ არ ავირჩევთ, დავიღუპებით, იღუპება ფოლკლორიო…

მართლა ასეა? არაა ასე, რა თქმა უნდა. ის, ვინც ფოლკლორში და ზოგადად, ქართული ხელოვნებისა და კულტურის დასახმარებლად ყველაზე მეტს აკეთებდა და აკეთებს, არის სულ სხვა ადამიანი. რაც არ უნდა არ გვიყვარდეს, არ მოგვწონდეს, ვბრაზდებოდეთ მის მიერ მოყვანილი მთავრობებით, ამით ეს სიმართლე არ დაიფარება – ქართულ ხელოვნებაში და კულტურაში ყველაზე მეტი ქველმოქმედება გასწია, და უმადურთა ლანძღვის მიუხედავად, დღემდე ქველმოქმედებს და ყველაზე მეტ სიკეთეებს აკეთებს ბიძინა ივანიშვილი!

ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ყველა პროექტი, რაც კი ხელოვნების სხვადასხვა დარგებისთვის კეთდებოდა ნაცების დროს, ბიძინა ივანიშვილის მიერ ფინანსდებოდა (მაშინ ბიძინა ლეგენდარული ფილანტროპი იყო ნაცებისთვის და არა რუსეთის აგენტი). ბიძინა ივანიშვილის გარემონტებულ თეატრებსა და დარბაზებში ატარებდნენ კონცერტებსა და პრეზენტაციებს, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით მიდიოდნენ გასტროლებზე, მუშაობდნენ რადიოები და ტელევიზიები… ივანიშვილმა ღირსეული ცხოვრების საშუალება მისცა ასობით ყველაზე დაუფასებელ და, იმავდროულად, ყველაზე საამაყო ჩვენს მოქალაქეს. დღეს მას ამის გამოც ლანძღავენ და იმ სასიქადულო ადამიანებს, რომელნიც მთელმა ქვეყანამ გავწირეთ და ერთმა კაცმა გადაარჩინა, ივანიშვილის სტიპენდიის აღების გამო კილავენ. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ ამის გამო მას ზოგი ისეთიც ლანძღავს, ვინც იღებდა და დღემდე იღებს მის ქველმოქმედებას… დილით სტიპენდია ერიცხებათ, საღამოს ანტი-ბიძინა მიტინგზე გადიან.

შეიძლება ყველაფერი დააბრალო ივანიშვილს, ისაუბრო „ქართული ოცნების“ მრავალ დანაშაულსა თუ შეცდომაზე (რომელთა შორისაც ყველაზე მძიმე ნაცდამნაშავეთა არ-დასჯაა), მაგრამ, ყველაზე უსინდისო კაცი უნდა იყო, რომ თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილზე მეტად უზრუნია ან ზრუნავს ვინმე ქართულ ხელოვნებასა და მთლიანად კულტურაზეო.

1990-იანი წლებიდან ეს ადამიანი გვერდში უდგას ქართულ კულტურას – ხელოვნებას, ძეგლთა დაცვას, სპორტს, სოფლის მეურნეობას… უამრავი კეთილი და მნიშვნელვანი საქმე… უამრავი დაფინანსებული და გადარჩენილი ძეგლი, კოლექტივი, ადამიანი… უამრავი გამოცემა, მოგზაურობა, კონცერტი, გასტროლი…

კი, ისაუბრეთ, ბატონო, მის პოლიტიკურ შეცდომებზე, მაგრამ, ყველა, ვინც არ აფასებს მის მიერ გაკეთებულ სიკეთეს, ქველმოქმედებას, და განსაკუთრებით – ქართული ხელოვნებისათვის მის მიერ გაკეთებულ უამრავ სიკეთეს, უბრალოდ, ადამიანი არ ხართ, დაუნახავი და სიკეთის მიმართ უგრძნობელი გული გაქვთ…

მე არ „ვაპრავებ“ ქართული ოცნების პოლიტიკურ შეცდომებს და დანაშაულებს. საპროტესტო მიტინგებზეც გავსულვარ ბევრჯერ… მაგრამ, უბრალოდ, სიკეთეს სიკეთე დავარქვათ, სხვანაირად ადამიანები აღარ ვიქნებით!

საკრიტიკო ვაკრიტიკოთ, გასაკიცხი გაკიცხეთ! მაგრამ, სიკეთე დაინახეთ და აღიარეთ!

ვთქვათ, რაც კარგი გააკეთა სააკაშვილმა და ვთქვათ, რაც კარგი გააკეთა ივანიშვილმა. დავინახოთ, ვთქვათ და დავაფასოთ!

ეს ყველაფერი უფრო მოკლედაც შემეძლო მეთქვა – უშიკიშვილი ტიპური ნაცი მატყუარა, ზონდერი, გაუნათლებელი და დამნაშავე პოლიტიკოსია, რომელიც მღერის ფანტასტიკურად. მადლობა მას, რაც გააკეთა იმ 8 წლის მანძილზე, მაგრამ, მისი მმართველობა დამღუპველი იყო ჩვენი კულტურული საგანძურისათვის და თავად მისი პიროვნებისათვის.

მისი ფოლკლორის ცენტრიდან წასვლით, ოქროს-ხმიან გიორგის მიეცა შანსი, ეკეთებინა ის საქმე, რაც ყველაზე უკეთ გამოსდის – სიმღერა და ლოტბარობა.

ნაცების იდეოლოგიისაგან განთავისუფლებულმა ფოლკლორის ცენტრმა კი მანამდე არნახული შესაძლებლობები და მასშტაბური პროექტები შეიძინა, რომელთა შესახებ საუბრისთვის წინამდებარეზე გრძელი ტექსტის დაწერა დამჭირდება.

მაინც რამდენიმე ძირითადს აღვნიშნავ – მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილი 28 ფილიალი, სადაც ყოველ-წლიურად 1000 მოსწავლე უსასყიდლოდ ეუფლება ქართულ ტრადიციულ ხელოვნებას; მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, შენობები, ინსტრუმენტები, რეგიონებში დასაქმებული (უშიკიშვილის დროს უმრავლესად მიტოვებული) სპეციალისტები, უშიკიშვილის მიერ დაარსებულ ფესტივალზე დამატებული საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალები, უამრავი ანსამბლის, გუნდის სხვადასხვა ფორმით ხელ-შეწყობა, ფონდ „ქართულ გალობასთან“ და თბილისის კონსერვატორიასთან თანამშრომლობით განხორციელებული მრავალი შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი პროექტი – იქნება ეს სიმპოზიუმები, კონფერენციები, გამოცემები, სანოტო თუ აუდიო კრებულები, კონცერტები, ფესტივალები… ქართული ტრადიციული ცეკვისადმი მიძღვნილი უნიკალური სამეცნიერო ლიტერატურის პირველი გამოცემა, ხალხური სიტყვიერებისა და პოეზიის სფეროში – საღამოები და გამოცემები, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში – უამრავი გამოფენა… ფოლკლორის ცენტრს შეემატა ტრადიციული გალობის მიმართულება, რომლის პროექტებს შორისაც აღსანიშნავია ქართული საგალობლების ხელნაწერთა მონაცემთა ბაზის შექმნა (გაციფრებული და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი გახდა 20 ათას გვერდამდე უნიკალური სანოტო მასალა) და ქართული გალობის ანთოლოგიის გამოცემა, რომელიც, სავარაუდოდ რამდენიმე ათეული სქელტანიანი ტომის სახით დაიბეჭდება – წელს XII-XVII ტომები გამოდის…

ამის გარდა, ფოლკორის ცენტრი, რეგიონულ თვითმმართველობებთან ერთად, ყველაფერს აკეთებს ადგილზე, რეგიონებში არსებული ფოლკლორული მოძრაობის გასაძლიერებლად, ამ სფეროს მუშაკთა თანადგომისათვის და დახმარებისათვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური შეჭირვების მიუხედავად, სახელმწიფო დოტაციით შთამბეჭდავი თანხები იხარჯება ტრადიციული კულტურის გადარჩენა-განვითარება-პოპულარიზაციისათვის. თანაც, უშიკიშვილის ეპოქისაგან განსხვავებით – სრულიად გამჭვირვალედ და პატიოსნად დოკუმენტირებულად, ისე, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებს შორის, ფოლკლორის ცენტრი ერთ-ერთი სანიმუშოა საქმის წარმოებაში და ფულის ხარჯვის პატიოსნებასა და მიზან-მიმართულობაში….

ეს არის ფოლკლორის დაღუპვა? ამას გლოვობენ მთავარი კანალიზაციის თანამშრომლები? უშიკიშვილის პოსტების ფარისეველი დამკომენტარებლები და „უშიკ, შენ გენიოსო“, „უშიკ, გადამრჩენელო“, „გიორგი, ეროვნულ მოღვაწეო“-ს დამწერები იცნობენ კია, დეტალებს მისი მუშაობისა და ახლა – დეტალებს მისი შემდგომი ფოლკლორული ცხოვრებისა? მე მგონია, რომ არც იცნობენ. ისინი ხომ მხოლოდ საკუთარ ტელევიზიებს უყურებენ. მათ განსხვავებულად მოაზროვნეთა სიკეთის დანახვის ნიჭი არა აქვთ. ამიტომ, ნაცისტური ტელევიზიები ფოლკლორის ცენტრის მუშაობას არასდროს არ აშუქებენ, მათი მიზანი ხომ ამ სფეროს დაღუპვის სურათის შექმნაა და არა იმ ინტენსიური მუშაობის ჩვენება, რაც ამ დარგში ხდება – ჩვენი ეკონომიკის პირობებში, გამოყოფილი დაფინანსების პირობებში მაქსიმუმი კეთდება.

უშიკიშვილი ფანტასტიკური მომღერალია (თუმცა გვყავს მასზე უკეთესებიც – მაგალითად, გიორგი ხუნაშვილი, ზვიად მიჩილაშვილი მხოლოდ ჩვენს გუნდში. და ყველა გუნდში და ანსამბლში ჰყავთ ასეთივე ფანტასტიური სოლისტები), ძალიან უნიჭო მენეჯერი და კიდევ უფრო ცუდი პოლიტიკოსი (ვერ შემდგარი დეპუტატიც).

ფოლკლორის ცენტრში მისი შემცვლელი – საუკეთესო ლოტბარია, რომელსაც ქართული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ანსამბლი ჰყავს, და საუკეთესო მენეჯერია – სიყვარულით და თავმდაბლობით ანთებული ადამიანი. პოლიტიკოსობისაგან კი, იგი, ღმერთმა დაიფაროს.

P.s. ისე, დარწმუნებული ვარ, ამაშიც აჯობებს!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები