ამბობენ, ვინც სვანეთში არ ყოფილა, მას საქართველო არ უნახავსო. მართალია ეს ხმამაღალი ნათქვამია, რადგან საქართველო ფართო და მრავალფეროვანია, მაგრამ სვანეთი მართლაც უნიკალური და გამორჩეულია.
სვანეთი – პირველია, რაც ზაფხულში საქართველოში უნდა მოინახულო. აქ ყველაზე მაღალი და ლამაზი მწვერვალებია.
მესტია – ტურისტული ცენტრია, სადაც ინფოცენტრია მოწყობილი, სასტუმროები და სასტუმრო სახლები საკმაოდაა, ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად იზრდება. მესტიიდან ახლომდებარე ღირსშესანიშნაობებთან ათეულობით მარშრუტი მიდის.
მესტიიდაან 48 კმ-შია უნიკალური მაღალმთიანი სოფელი უშგული – ოფიციალურად ყველაზე მაღალი დასახლება ევროპაში. საქართველოს ყველაზე მაღალი მწვერვალის – შხარას გარდა აქ დახლოებით 30 შუასაუკუნეების სვანური კოშკია და პრაქტიკულად უგზოობა, რომელიც არარეალურ სილამაზეს ჩრდილს მაინც ვერ აყენებს.
მესტიიდან უშგულში ფეხით სამ დღეში მიხვალთ, ცხენით ერთ დღეში, ხოლო ყველგანმავლით 4 საათში.
საუკეთესო დრო სვანეთში სამოგზაუროდ
მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში თეთნულდსა თუ ჰაწვალზე თხილამურებით სრიალებენ და ათეულობით კილომეტრი სათხილამურო ტრასებია, ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე მესტია მაინც შედარებით „იძინებს“. უშგულისკენ მიმავალი გზა კი ხშირად უბრალოდ ჩაკეტილია. სვანეთში სეზონი ცოტა გადაწეულია. გაზაფხული მაისიდან დგება, სრულფასოვანი, მაგრამ ხანმოკლე ზაფხული კი აგვისტოში. შესაბამისად, საუკეთესო დრო სალაშქროდ და ბუნებით დატკბობისთვის ივნისი-აგვისტოა. დღეების რაოდენობა ინდივიდუალურია, მაგრამ ერთ კვირამდე თუ დარჩებით იდეალურია, სამი დღე კი მინიმუმია.
თბილისიდან სვანეთში
მესტიაში 2010 წელს პატარა აეროპორტი (თამარ მეფის სახელობის) გაიხსნა, სადაც რეისები ნატახტარიდან სრულდება.
თვითმფრინავი ბუნებრივია პატარაა, 20-ადგილიანი.
ოფიციალური ინფორმაციით:
✈ ფრენები ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით კვირაში ოთხჯერ სრულდება: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.
👉 ბილეთის ღირებულება 90 ლარი გახდა (ბოლო ინფორმაციაა). 12 წლამდე ბავშვებისთვის ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება, ხოლო 3 წლამდე მგზავრობა უფასოა.
ავიაბილეთების წინასწარ დაჯავშნა და შეძენა შესაძლებელია ტურისტულ კომპანიაში Vanilla Sky. თუმცა ამ ეტაპზე არცერთ პერიოდზე არც ფრენები, არც ფასები არ იძებნება, მითითებულ ნომრებზე კი არავინ პასუხობს. მაინც საქართველოა რა.
ფრენები ქუთაისიდანაც სრულდება – ორშაბათსა და პარასკევს (50 ლარი).
მესტიაში „მარშუტკით“
მესტიაში ყველაზე აქტიურად სამარშრუტო ტაქსები დადიან. დიდუბის სადგურიდან გასვლა 30 ლარია და გზას მთელი დღე უნდა – 8-9 საათი.
თბილისიდან ზუგდიდში მატარებლით წასვლა და იქიდან გზის „მარშუტკით“ გაგრძელებაც შეიძლება. ზუგდიდიდან მესტიამდე დაახლოებით 4 საათის გზაა, ზაფხულობით დღეში რამდენიმე მანქანაც დადის, ფასი – 20 ლარია. „მარშუტკები“ ცენტრალური სადგურიდან და ქალაქის ცენტრიდან გადიან.
მესტიაში წასვლა ქუთაისიდან და ბათუმიდანაც შეიძლება. ქუთაისში ავტოსადგურიდან გადიან, გზას 7 საათი სჭირდება. ბათუმიდან დაახლოებით 6 საათის გზაა, ფასი 25 ლარია.
ალბათ თავადაც ხვდებით, რომ ფასები მაინც პირობითია და როდის რა შეიცვლება არავინ უწყის: დამდეგ ზაფხულს და სეზონზე შეიძლება მოიმატოს კიდეც.
ტრანსპორტი მესტიაში
მესტიაში არის შიდა „მარშუტკები“, რომლებიც მეზობელ სოფლებში დადიან, მაგრამ მათზე დაყრდნობა ცოტა რთულია.
უშგულამდე ყველგანმავლები ან სპეციალური სრულამძრავიანი მინიბუსები დადიან. მძღოლს ცენტრში, მოედანზე იპოვით ან თუნდაც კაფეში. ნებისმიერი ადგილობრივი გეტყვით ვის უნდა მიმართოთ.
ფასი შეთანხმებითაა. დამოკიდებულია გაჩერებების რაოდენობაზე და იმ მომენტისთვის გზის მდგომარეობაზე. ისე, საშუალოდ 200 ლარს (80 დოლარს) იღებენ წასვლა-წამოსვლაზე.
ინტერნეტი მესტიაში
მესტიის მთავარ მოედანზე პატარა სკვერია, სადაც მინერალური წყლის წყაროა, მის მოპირდაპირედ კი კაფე, სადაც ინტერნეტში მუშაობას შეძლებთ (კარგი სიჩქარის wifi). ისე, ინტერნეტი ბევრ სასტუმრო სახლშია, ოღონდ ცალკეა გადასახდელი (ზოგან ნომრის ღირებულებაში შედის).
კაფეს გვერდითაა ტურისტული ცენტრი, სადაც მარშრუტების რუქებს აიღებთ და აუცილებლად სანახავ ადგილებზე მოგიყვებიან.
მოედნის ირგვლივაა რამდენიმე მაღაზია, სადაც აუცილებელს ყველაფერს ნახავთ. მაგრამ ფასები საქონელსა და პროდუქტებზე თბილისთან შედარებით საგრძნობლად ძვირია.
რა უნდა ნახოთ სვანეთში
უშუალოდ მესტიაში ბევრი ღირსშესანიშნაობა არ არის, მაგრამ ერთი-ორი დღით დარჩენა ღირს. შეივლით კაფეში, დააგემოვნებთ ნამდვილ კუბდარს, გემოს გაუსინჯავთ სხვა უნიკალურ სვანურ კერძებს, რასაც ბუნებრივია მთელ მსოფლიოში ვერსად შეხვდებით.
სვანური კოშკები მესტიაში ისეთი ძველი არ არის, როგორც უშგულში, მაგრამ თვალში პირველი ისინი გეცემა. სვანეთში სამ ასეულზე მეტი კოშკია. ყველა ისტორიულ ფასეულობას არ წარმოადგენს, ყველაზე მაგრები უშგულშია. საღამოობით მესტიის კოშკები განათებულია და ულამაზესი სანახავია, საუკეთესო ხედია სასტუმრო „თეთნულდიდან“, რომელიც ყველაზე კარგი და ყველაზე ძვირია დასახლებაში.
სვანეთში დღემდე შემორჩენილია X-XIII საუკუნეების 70-ზე მეტი ეკლესია, საკულტო ნაგებობა და 240 კოშკი.