სახელმწიფო უშიშროების სამსახურში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაკითხვა დასრულდა. ე.წ. მოდულის შენობაში გუშინ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით ბოკერიას თითქმის 8 საათის განმავლობაში კითხავდნენ. მისი თქმით, გამომძიებლებს მიაწოდა იგივე ინფორმაცია, რაც საზოგადოებას მოსმენილი აქვს არაერთხელ.
“რაც საზოგადოებას მოსმენილი აქვს არაერთხელ, იგივე მოისმინეს ჩემგან ამ შემთხვევაში იმ გამომძიებლებმა, რომლებსაც ივანიშვილის დაკვეთით ასეთ სისულელეზე აწვალებენ და დროს აკარგვინებენ. ეს ჩვენი საჯარო პოზიცია დიდი ხანია ცნობილია, რომ ჩვენი ამოცანაა არ მიეცეს ივანიშვილს შესაძლებლობა, რომ ქვეყანა კონსტიტუციის ფარგლებიდან გაიყვანოს. ჩვენი ამოცანაა, რომ ის დავამარცხოთ 2016 წლის არჩევნებში, მაგრამ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ძალადობის გზით ჩაახშონ ის ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ სიტყვის თავისუფლებას. ეს არის ამ შემთხვევაში “რუსთავი 2”. თუ ის გააგრძელებს იმ ნაბიჯებს, რასაც ვხედავთ ბოლო პერიოდში, კონტროლირებადი მოსამართლის განაჩენის ძალადობრივ აღსრულებას, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს მოხდეს “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით”, – განაცხადა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდის მცდელობა არის, რომ გამოქვეყნებული ჩანაწერი იქნას ინტერპრეტირებული, თითქოს ჩვენ ვართ მოწადინებული, ადგილი ჰქონდეს ანტიკონსტიტუციურ მოქმედებას, ძალადობას ან დაპირისპირებას.
“ეს არის მტკნარი სიცრუე. ჩვენი ამოცანაა ამ შემთხვევაში “რუსთავი2″-ის დაცვა ანტიკონსტიტუციური, უკანონო გადაწყვეტილებისგან და სხვა შემთხვევაში ჩვენი თავისუფლების დაცვა ივანიშვილის მცდელობებისგან, რომ ჩაახშოს ყველა ის ინსტიტუტი, რომელიც მას ხელს უშლის”, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება საკითხს, შესაძლოა თუ არა ისევ მოხდეს მისი დაბარება დაკითხვაზე, ბოკერიას თქმით, ეს მისთვის უცნობია და ამაზე პროგნოზს ვერ გააკეთებეს.