LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სუს-ის უფროსის დაწინაურების შემდეგ, მისმა ახლობელმა 22 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო: ფლანგვის დეტექტორი

807
BeFunky-collage (6)

ვანის საკრებულოს დეპუტატმა ბიჭიკო პაიკიძემ შვილის ნათლიის, გრიგოლ ლილუაშვილის სუს-ში დაწინაურების შემდეგ, 22 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო. ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძის შპს B.P. TRANS-ი მას შემდეგ იწყებს სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვებას, რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჯერ უფროსის მოადგილე, ხოლო შემდგომ სამსახურის უფროსი მისი შვილის ნათლია, გრიგოლ ლილუაშვილი ხდება (2019 წლის იანვარში იგი მოადგილედ დაინიშნა, ოქტომბერში კი უფროსი გახდა). ასევე, მისი შვილის ნათლიაა სუს-ის უფროსის ამჟამინდელი მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილიც.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2013, 2014, 2016, 2017-2020 წლებში ჩატარებული 4 ტენდერით მან სახელმწიფოსგან ჯამში 22,005,115 ლარი უნდა მიიღოს. ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოებისთვის ავანსის სახით მან უკვე მიიღო 4,223,454 ლარი.

“ვანის საკრებულოს მოქმედმა დეპუტატმა და სუს-ის მაღალჩინოსნებთან დაახლოებულმა პირმა ბიჭიკო პაიკიძემ, მასთან დაკავშირებული 2 კომპანიით, 2017-2020 წლებში 28,920,954 ლარის სახელმწიფო ტენდერში გაიმარჯვა, საიდანაც 21,739,737 ლარი ისეთ სამუშაოებზე მოდის (გზების რეაბილიტაცია), რომლის შესრულების გამოცდილებაც წარსულში მის კომპანიას არ ჰქონია. ამავე დროს, ის ქართული ოცნების ოფიციალური შემომწირველიც არის. 2016 წელს მას პარტიისთვის ოფიციალურად შეწირული აქვს 12,000 ლარი. ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველია აგრეთვე მისი ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი გიორგი კვაჩიძე, რომელმაც მმართველ პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა.

ბიჭიკო პაიკიძე დიდი გავლენით სარგებლობს ვანის მუნიციპალიტეტში, საიდანაც აგრეთვე წარმოშობით არიან მისი შვილის ნათლიები – სუს-ის უფროსი და მისი მოადგილე. ამავე დროს, 2017 წლიდან ის არის ვანის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან და წინასაარჩევნო პერიოდში გამოირჩევა მმართველი პარტიის სასარგებლო აქტივობებით,” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბიჭიკო პაიკიძე 2017 წლიდან “ქართული ოცნების” ვანის საკრებულოს დეპუტატია. დეპუტატობამდე და შემდეგაც მისი სახელი რამდენიმე კომპანიაში ფიქსირდებოდა, რომლებიც მრავალმილიონიან სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ.