საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, სოფელ ერგნეთის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქიდან ერთი პირი ქართულ მხარეს გადასცეს.
ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
“სამი პირი დააკავეს, ერთი პირი გადმოგვცეს. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რაც შეიძლება მოკლე დროში მათ დასაბრუნებლად.” – განაცხადეს სუს-ის პრესსამსახურში.
გათავისუფლებული პირი გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, უკანონო დაკავების დროს ის კლდიდან გადავარდა და დაშავდა.
როგორც “ფორტუნას” გორის ჰოსპიტალში განუცხადეს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და აქვს მარტივი ფორმის მრავლობითი დაზიანება:
“მდგომარეობა არის სტაბილური, აღენიშნება სხივ-მაჯის მოტეხილობა და მარტივი ფორმის მრავლობითი დაზიანება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება სტაციონარში.” – გვითხრეს გორის ჰოსპიტალში.
შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საქართველოს 3 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სუს-ის ინფორმაციით, უკანონო დაკავების მომენტიდან მოხდა “ცხელი ხაზის” გააქტიურება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება.
“ადამიანების უკანონო დაკავებები მნიშვნელოვნად ართულებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. უკანონო დაკავებებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას.” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.