საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „სუპერთან“ პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. სააგენტოს ინფორმაციით, “სუპერმა” აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებელი უფლებამოსილია – კანონით გათვალისწინებული ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში ნივთის უპირობო დაბრუნების და კანონისმიერი გარანტიის შესახებ ინფორმაცია მიიღოს. შესაბამისად, შეთანხმების თანახმად, “სუპერმა” აიღო ვალდებულება – საქართველოს სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად მომავალში მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება წინასწარ განახორციელოს.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულების ჯეროვნად არშესრულების შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს”, – აღნიშნულია კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 151 განაცხადია შესული, საქმის შესწავლა დაწყებულია 80 საკითხზე. სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის, მომხმარებლის სასარგებლოდ, 19 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ონლაინ ვაჭრობის სექტორში 5 დარღვევის ფაქტი დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში არ დადასტურდა.
(R)