LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სუფთა სამყარო” გაეროს გლობალურ შეთანხმებას შეუერთდა

96

კომპანია ”სუფთა სამყარო” გაეროს გლობალურ შეთანხმებას (UN Global Compact) შეუერთდა. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

მათივე ინფორმაციით, ინიციატივა დაფუძნებულია 10 პრინციპსა და 4 ძირითად მიმართულებებზე: ადამიანის უფლებები, შრომის უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა.

როგორც ”სუფთა სამყაროში” განმარტეს , აღნიშნული 10 პრინციპი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საბაზისო სტანდარტია, შესაბამისად მნიშვნელოვანია საქართველოშიც მოხდეს აღნიშნული სტანდარტების დანერგვა ბიზნეს სტრატეგიებსა და ყოვედღიურ ოპერაციებში.

„სუფთა სამყარო” გახდა უპრეცედენტო ქსელის წევრი, რაც მოგვცემს საშუალებას შევიძინოთ ახალი კონტაქტები თითქმის ყველა ინდუსტრიის, სექტორის თუ ბიზნეს საწარმოებთან მსოფლიოს 161 ქვეყნიდან. გლობალური შეთანხმების ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებები მოგვცემს შესაძლებლობას გავცვალოთ ინფორმაცია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ქსელის სხვა წევრებთან”- განაცხადა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელიმა ხატია ალფაიძემ.

მისი თქმით, “სუფთა სამყარომ”, თავის მხრივ, აიღო ვალდებულება, რომ მოახდინოს შეთანხმებით გათვალისწინებული ათი პრინციპის ინტეგრირება მუშაობის სტრატეგიასა და ყოველდღიურ ოპერაციებში.

“კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი კომპანიის მთავარი მიმართულებაა. ქვეყანაში, სადაც სამუშაო ადგილების დეფიციტია, ჩვენი კომპანია 1500 ადამიანს ასაქმებს”, – განაცხადა ალფაიძემ.

მისივე თქმით, ”სუფთა სამყაროს” მენეჯმენტი ცდილობს შეარჩიოს კადრები, რომლებსაც სამსახური განსაკუთრებით სჭირდება. მათ შორის არიან იძულებით გადაადგილებული პირები.

ალფაიძის განმარტებით, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი მიმართულებაა გარემოზე ზრუნვა, ამიტომაც ”სუფთა სამყარო” თანამშრომლობს გარემოს დაცვით ორგანიზაციებთან და სამომავლოდ მათთან ერთად მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები