LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სუბიექტებზე არ უნდა დავაყენოთ არჩევნების საკითხი, უნდა შევქმნათ ისეთი კანონმდებლობა, რომლის ცვლილების საჭიროება არ დაგვიდგება არჩევნებიდან არჩევნებამდე” – ლელა ტალიური

84
BeFunky-collage (10)

დღეს 31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრების კითხვებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ, უპასუხა.

საგამოძიებო კომისიის სხდომას პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ამ ეტაპისთვის პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ 20 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალა.

ოთხი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები და ოლქის თავმჯდომარე პარლამენტში დაიბარა და კომისიის სხდომაზე გამოჰკითხა.

კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს, რადგან რასაც აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

მანამდე კი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ “მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო ექსპერტ-კონულტანტმა ლელა ტალიურმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ორგანიზაციამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გარკვეული დარღვევები დააფიქსირა.

„ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ იმ ხარვეზებზე, რომლებიც დაფიქსირდა უშუალოდ ხმების დათვლის შედეგად შემაჯამებელ ოქმებში, ვგულისხმობ დისბალანსებს, ბიულეტენების მატების შემთხვევებს, მათ შორის ჩვენ გვქონდა ასეთი უბნები გასაჩივრებული სასამართლოში, თუმცა ჩვენს შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაციამ და არც სასამართლომ არ მოახდინა ჩვენი მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმების ბათილობას და ხმების გადათვლას კონკრეტულ უბნებზე.

როგორც ტალიურმა აღნიშნა, შედგა შესწორების ოქმი, შედეგები დააკორექტირეს და ეს გახდა იმის მიზეზი, რომ რომ არ მოხდა საჩივრების განხილვა.

„ეს ნიშნავდა იმას, რომ ხარვეზი აღმოფხვრეს, პრობლემა მოგვარდა და აღარ არსებობდა იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ მომხდარიყო ხმების გადათვლა.“-აღნიშნა ლელა ტალიურმა.

რაც შეეხება კომისიის წევრების კომპეტენტურობის საკითხს, ლელა ტალიურმა აღნიშნა, რომ ეს არ არის მხოლოდ 2020 წლის არჩევნების პრობლემა.

კომისიის წევრების კომპეტენციის საკითხი დიდი ხანია დღის წესრიგში დგას - რით ხსნის ჟვანია საარჩევნო მოხელეების შეცდომებს

ცესკო-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა მიერ დაშვებულ შეცდომებს კომპლექსური მიზეზი ჰქონდა.

„ეს პრობლემა უშუალოდ მხოლოდ ტრენინგებს არ უკავშირდება, ეს უკავშირდება საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების საკითხს. წლებია, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები ვსაუბრობთ, რომ საუბნო კომისიებში, ასევე ცესკოში პროფესიული წევრების, ე.წ ნეიტრალური, არაპარტიული წევრების შერჩევა უნდა მოხდეს ძალიან მაღალი კრიტერიუმებით, განსაკუთრებით ცესკოს დონეზე, უნდა იყოს გამჭვირვალე და უნდა გამოირიცხოს აღქმები პოლიტიკურ აფილირებასთან და კავშირებთან დაკავშირებით.

ეს აღინიშნა, რომ მმართველ პარტიას ჰქონდა დომინირებული მდგომარეობა, იმიტომ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ 6 პარტიული წევრიდან 3 წევრის დანიშვნის უფლება 12-კაციან კომისიაში.

ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხარვეზიანი კანონმდებლობა, რომელიც არ იძლეოდა პროცესის გამჭვირვალედ ჩატარების საშუალებას და ახლა ამ პრობლემური არჩევნების შედეგად, მათ შორის ვენეციის კომისიის და ეუთოს დასკვნაშიც და შარლ მიშელის დოკუმენტშიც აღნიშნულია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი უნდა შეიცვალოს და უნდა შეიცვალოს იმ კუთხით, რომ მაღალი ქვორუმით უნდა მოხდეს კომისიის წევრების არჩევა.

ძალიან კარგი იქნება, რომ ჩვენ გვქონდეს პროფესიული საარჩევნო ადმინისტრაცია, სადაც უპირატესობა მიენიჭება ცოდნას, გამოცდილებას და პროფესიონალიზმს.

რაც შეეხება თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის საკითხს. “მრავალეროვანი საქართველოს” საარჩევნო ექსპერტ-კონულტანტი აღნიშნავს, რომ ერთი ადამიანის გადადგომა პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ბევრი შეურაცხყოფა მივიღე, მაგრამ ბოდიში არაფერს არ ასწორებს: ჟვანია

„ჩვენ სუბიექტებზე არ უნდა დავაყენოთ არჩევნების საკითხი, ქალბატონი თამარ ჟვანია წავა თუ არა თანამდებობიდან ეს არის მისი პერსონალური გადაწყვეტილება და კანონი მას ამის ვალდებულებას არ აკისრებს.

ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც მორგებული იქნება არა პიროვნებებზე, არამედ სისტემა იქნება ისეთი, რომელზეც ადამიანები მოერგებიან.

გამართული სისტემა, რომელიც არ იქნება დამოკიდებული ხელისუფლების ცვლილებებზე, თუ სუბიექტურ სიმპათია/ანთიპატიაზე კონკრეტული ადამიანების მიმართ.

2013 წელს თამარ ჟვანია კარგად მახსოვს, რომ არჩეული იყო სამოქალაქო ორგანიზაციების ძალიან დიდი მხარდაჭერით.

თუმცა ვინც არ უნდა მოვიდეს მის ადგილზე, კიდევ შეიძლება გაჩნდეს გარკვეული უკმაყოფილება.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ისეთი კანონმდებლობა, რომლის ცვლილების საჭიროება არ დაგვიდგება არჩევნებიდან არჩევნებამდე და ამით ჩვენ პრობლემას არ შევუქმნით ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს.

მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ცესკოს წევრები და მათ შორის თავმჯდომარე მაღალი კვალიფიკაციის, კეთილსინდისიერი ადამიანები იყვნენ და ის პროცესი, რომლის მიხედვითაც ცესკოს წევრები ირჩევიან იყოს ძალიან საჯარო და გამჭვირვალე.

სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე ეს სტანდარტი არ გვაქვს და სწორედ ეს ცვლილებები ეხმიანება იმას, რომ ეს საკითხები მოაგვაროს“-აღნიშნა ლელა ტალიურმა რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები