„ბარსელონა“ ისევ გაგიჟდა: თითქოსდა ჩავარდნა დაეწყოო და ისეთი ჩაატარა, მტერს არ უსურვებს კაცი – 8:0 სტუმრად (ლა კორუნიაში,“დეპორტივოსთან“) მაინც ნამეტანია. ორმა ბიჭმა კი რეკორდები დაამყარა.
ლუის სუარესი გახდა 21-ე საუკუნეში პრიმერას პირველი მოთამაშე, რომელმაც ერთ შეხვედრაში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა.
29 წლის ურუგვაელმა ოთხი თავად შეაგდო და სამი სხვას გაატანინა.
წელს სუარესს 31 თამაშში 30 გოლი აქვს გატანილი და 15 პასი გაკეთებული.
აი ლიონელ მესიმ კი რეკორდი დაამყარა ლა ლიგაში საგოლე გადაცემების მხრივ. არგენტინელმა 121-ე წარმატებული პასი გაიფორმა. ეს ესპანეთის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.
გარდა ამისა, მესიმ პრიმერას 344 მატჩში 310 გოლი გაიტანა და ესეც ისტორიაში ყველაზე მეტია.
ერთიც: მესი პირველზე გადავიდა ესპანეთში ჩატარებული მატჩების რაოდენობით არგენტინელ ფეხბურთელებს შორის: ლეომ არიელ იბაგასას (343) გადაასწრო.