ბევრი საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს ჩვილის მონახულებას დაბადებიდან რამდენიმე დღეში და არაფრად აგდებს, რომ ამგვარი სტუმრობით ახალშობილთან ერთად მის მშობლებსაც ძალიან აწუხებს. მართალია, მედიკოსები კატეგორიულად არასდროს კრძალავდნენ “ნაადრევ ვიზიტებს”, მეტიც ევროპულ სამშობიაროთა უმეტესობა აქტიურად მიმართავს ინდივიდუალურ პალატაში ჩვილის და დედის მონახულების პრაქტიკას, მაგრამ პედიატრები მაინც თავშეკავებისკენ მოგვიწოდებენ, განსაკუთრებით მოუთმენლებს კი, ვისაც ერთი სული აქვს გააცნოს თავი ახალ დაბადებულ ნათესავს, რამდენიმე სავალდებულო წესის დაცვას ურჩევენ.
წინასწარ შეთანხმებული ვიზიტი – არ ღირს მოულოდნელად დააცხრეთ თავს ახალშობილს და მის მშობლებს, რადგან მათ თქვენგან განსხვავებული ცხოვრების რიტმი, ადაპტაციის საკმაოდ რთული პერიოდი აქვთ და ამგვარი “სიურპრიზებით” მხოლოდ დისკომფორტს შეუქმნით, პატარას კვების, ძილის რეჟიმს დაურღვევთ, ჯერ კიდევ დასუსტებულ დედას კი, უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებთ, რადგან სურვილის მიუხედავად აიძულებთ სტუმართმოყვარე მასპინძლის როლის მორგებას.
ჯანმრთელი სტუმარი – თუ სურდო გაქვთ, ახველებთ ან აცემინებთ, თვითონაც უნდა მიხვდეთ, რომ საჭიროა გადადოთ სტუმრობა და მნიშვნელობა არ აქვს, სერიოზულია თქვენი ავადმყოფობა თუ მსუბუქად ხართ გაცივებული. გაითვალისწინეთ, რომ ნიღაბი ამ შემთხვევაში არაფრად გამოგადგებათ, რადგან ის მხოლოდ თქვენ გიცავთ, დედის და ჩვილის ვირუსით დაავადების რისკს კი, აბსოლუტურად არ ამცირებს. სტუმრობაზე უარის თქმა მოგიწევთ, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გაქვთ, რადგან ენტეროვირუსი არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე სხვა ინფექციური დაავადება.
რჩევა ახალშობილის მშობლებს – დროებითი კარანტინი – გრიპის ან სხვა ინფექციური დაავადების ეპიდემიის შემთხვევაში, მოურიდებლად გამოაცხადეთ კარანტინი და კატეგორიულად აკრძალეთ მრავალრიცხოვანი მნახველების მიმოსვლა, რადგან მართალია, დაავადების საწყის ეტაპზე სნეულს ნაკლებად აღენიშნება სიმპტომები და თავსაც საკმაოდ მხნედ გრძნობს, მაგრამ სინამდვილეში ის უკვე საშიში ვირუსის მატარებელი და გადამტანია.
მცირეწლოვანი სტუმრები – თუ “მცირეწლოვანთა დელეგაციასთან” ერთად გეგმავთ ახალშობილის სტუმრობას, გახსოვდეთ, რომ ბავშვები 14 წლამდე ყველაზე “სახიფათოები” არიან, რადგან დიდ დროს ატარებენ ბავშვთა კოლექტივში და სხვებზე ხშირად ავადდებიან ინფექციური, მათ შორის ე.წ. “საბავშვო დაავადებებით” (წითელათი, წითურათი, ყბაყურათი და ჩუტყვავილათი), რომელთა სიმპტომები საკმაოდ გვიან ვლინდება, ახალშობილი კი, შესაბამისი ვაქცინაცია გარეშე სწრაფად და ძალიან მძიმედ ავადდება.
“სუფთა ხელების” წესი – შესაძლოა, მკაცრად იცავთ ჰიგიენის ნორმებს და ხელებსაც სხვებზე ხშირად იბანთ, მაგრამ თუ ჩვილის მოფერება, მასთან თამაში გსურთ, ნუ დაელოდებით დედის თხოვნას და კიდევ ერთხელ, გულდასმით დაიბანეთ ხელი საპნით. ყურადღება მაქციეთ საკუთარ სამოსს, რადგან შალის, ბეწვის და ხაოაინი ტანსაცმლის გაწმენდა საკმაოდ რთულია, უხილავი ბაქტერიებით დაბინძურების რისკი კი, ძალიან მაღალი, ამიტომ მოერიდეთ ჩვილის ხელში აყვანას და ჩახუტებას, რადგან პატარას ჯერ არ აქვს განვითარებული ლორწოვანას გარსი და კანის დამცავი ფუნქცია.
დღის რეჟიმი – გახსოვდეთ, რომ ჩვილის ჯანმრთელობა არა მხოლოდ მისი მშობლებისთვის, არამედ თქვენთვისაც პრიორიტეტული უნდა იყოს, ამიტომ არ ღირს სტუმრობით მისი განრიგის, განსაკუთრებით კვების რეჟიმის დარღვევა, რომელიც ხუთი წუთიც შეიძლება გაგრძელდეს და მთელი საათიც, სანამ პატარა არ დანაყრდება და სრულად არ დაიკმაყოფილებს განვითარებისთვის აუცილებელ წოვის რეფლექსს.
რა თქმა უნდა, დედა არასდროს დაიწყებს მრავალრიცხოვანი მნახველების თანდასწრებით ჩვილის რძით კვებას, კარგია, თუ ამ პერიოდში თქვენი გართობით ოჯახის სხვა წევრები დასაქმდებიან, რადგან სხვა შემთხვევაში ვერც თქვენ ასცდებით უხერხულობას, ვერც ახალშობილის დედა, რომელიც იძულებული გახდება ზრდილობიანად მიგითითოთ კარისკენ. სხვათაშორის, ოთხ თვემდე, ჩვილს ხშირად ეფანტება ყურადღება და მოულოდნელად კარგავს ჭამის მადას, რაც მის ფორიაქზე მიანიშნებს. ასე რომ, თუ არ გინდათ დატოვოთ პატარა მშიერი, დროულად დაასრულეთ ისედაც გაგრძელებული სტუმრობა.
მომქანცველი ვიზიტი – გახსოვდეთ, რომ ახალშობილის დედის დღე მკაცრადაა გაწერილი, რადგან უამრავი საქმე აქვს – პატარას კვებით და დაძინებით დაწყებული, მისი სამოსის გარეცხვით და სახლის დალაგებით დასრულებული, რაც საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, ამასთანავე, დედამ არც პატარასთან ურთიერობა უნდა დაივიწყოს, რომელსაც ასაკის მატებასათან ერთად სულ უფრო ნაკლები სძინავს, გამოფხიზლებული კი, ძალიან განიცდის მარტოობას, აბსოლუტურად სამართლიანად მოითხოვს ყურადღებას, მისი სიმცირის შემთხვევაში კი, არც ჭირვეულობას ერიდება. ნუ გააჭიანურებთ თქვენს ვიზიტს და ნუ იქცევით მომაბეზრებელ სტუმრად, 15-20 წუთიც საკმარისია “ვალის მოსახდელად”, მერე კი, უმჯობესია თქვენც დაისვენოთ და მასპინძლებსაც მისცეთ ამოსუნთქვის საშუალება.
გამაღიზიანებელი რჩევები – მართალია, ქალი, რომელმაც მოასწრო შვილის აღზრდა, დარწმუნებულია, რომ ახლადგამომცხვარ დედასთან შედარებით გამოცდილებაც მეტი აქვს და სათქმელიც დაუგროვდა, მაგრამ მაინც არ ღირს რჩევებით თავის მობეზრება, რადგან მცირე ასაკის მიუხედავად ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, განსხვავებული ხასიათი და თავისებურებები აქვს, რომელთაც დედა ყველაზე კარგად იცნობს, ამიტომ ნუ დაიჩემებთ ყველა სფეროში ექსპერტობას, ნუ ჩაყოფთ ცხვირს სხვის საქმეში და საკუთარი “მძიმე პერიოდის” გახსენებით ნუ დათრგუნავთ მასპინძელს “მდიდარი” გამოცდილებით.
მხიარული კომპანია – საოცრად მგრძნობიარე ჩვილი, რომელიც სწრაფად ეჩვევა მშობლების კომპანიას, ყოველთვის ემოციურად აღიქვამს ჩვეულ გარემოში უცხოების უნებართვოდ შეჭრას. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ არაჩვეულებრივად გაართეთ პატარა, გაამხიარულეთ მისი მშობლები, მაგრამ სინამდვილეში, მხოლოდ აღაგზნეთ ახალშობილი, რომელსაც თქვენი სტუმრობის შემდეგ ძალიან გაუჭირდება დამშვიდება და ძილსაც დიდი ხნით დაკარგავს, მთელ ღამეს მოჭარბებული შთაბეჭდილებების “გააზრებაში” გაათენებს, თვითონაც იფხიზლებს და არც მშობლებს მისცემს დასვენების საშუალებას.
გაითვალისწინეთ, რომ ჩვილები განსხვავებულად გამოხატავენ ემოციებს, ზოგი ტირის და ჭირვეულობს, ზოგი კი, მართალია, მშვიდად და აუღელვებლად გამოიყურება, მაგრამ უარს ამბობს საკვების მიღებაზე, რაც მის არეულ, დამძიმებულ განწყობაზე მიანიშნებს. რა თქმა უნდა, უმჯობესია რამდენიმე თვე საერთოდ მოერიდოთ პატარას შეწუხებას, მაგრამ თუ მოუთმენლობას ვერ აჯობეთ, ნუ დაესხმებით თავს დიდი კომპანიით, მაქსიმალურად შეზღუდეთ საკუთარი ვიზიტი, დაიცავით ჰიგიენის ნორმები და მოერიდეთ მომაბეზრებელი რჩევებით მასპინძლების გაღიზიანებას.