19 ოქტომბრიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურად გაგრძელდება, გამონაკლისია ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობები, რომლებიც არადისტანციურ რეჟიმში ჩატარდება. ინფორმაციას სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სწავლის ჰიბრიდულ ფორმას აანონსებს.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“აუცილებლად ვთვლით კომენტარის და განმარტების გაკეთებას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა გარკვეული ნაწილის წერილში არსებული ფაქტობრივი უზუსტობების შესახებ, რაც ბოლო დღეებში გავრცელდა სოციალურ ქსელში, ზოგიერთ ინტერნეტ-გამოცემასა და ტელევიზიაში.
19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაგრძელდება ჰიბრიდული ფორმით, რაც გულისხმობს:
– კოვიდ – კლინიკებში დისლოცირებულ სასწავლო დეპარტამენტებში 19 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის განხორციელებას დისტანციურ რეჟიმში;
– სალექციო კურსების და უახლოეს კვირებში დანიშნული გამოცდების ჩატარებას დისტანციურ რეჟიმში;
– ლაბორატორიულ-პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას არადისტანციურ რეჟიმში, შესაბამისი ეპიდემიოლოგიური რეგულაციების დაცვით.
იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ვერ შეძლებენ არადისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას, დეკანატების მიერ შედგენილი იქნება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა.”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, ბოლო დღეების განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართველოს მთავრობას წერილით მიმართავდნენ. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ფონზე აუდიტორიებში სწავლის განახლება დაუშვებელია.