LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ განცხადებას ავრცელებენ – „8 დეკემბერს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გავმართავთ“

193
საქართველოს შემოსავალი სატრანსპორტო მომსახურებიდან 2022 წელს - 2022-12-07T200227.280

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად, სამივე პარტიის ლიდერები 8 დეკემბერს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრას გამართავენ.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექიმთა კონსილიუმის ინფორმაციით, ვითარება სწრაფად მძიმდება.

სააკაშვილს აღენიშნება კახექსია, კუნთების განლევა, ცხელება და სხვა მრავალი მძიმე სიმპტომი. მიუხედავად რამდენიმეთვიანი გამოკვლევებისა და საუკეთესო სამედიცინო პერსონალის აქტიური ჩართულობისა, საქართველოში ვერ მოხერხდა ამ სიმპტომების გამომწვევი დაავადების იდენტიფიცირება და დიაგნოზის დასმა.

ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით, მესამე პრეზიდენტის არსებული მდგომარეობა ითვალისწინებს პირის სასჯელისგან გათავისუფლებას. ამერიკელი ექსპერტის, დევიდ სმიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა მიხეილ სააკაშვილის მძიმე მეტალებითა და დარიშხანით მოწამვლის კვალი.

მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის სასჯელისაგან გათავისუფლება და მკურნალობის კურსის საზღვარგარეთ ჩატარებაა.

ამგვარი გადაწყვეტილების დაყოვნებამ შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გამოიწვიოს ჯანმრთელობის გამოუსწორებელი ზიანი ან სიცოცხლის მოსპობა. ამ პრობლემის მოგვარება სცდება რომელიმე ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიდა დღის წესრიგს და წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის, საზოგადოებრივი ერთიანობისა და სტაბილურობის, საქართველოს ევროპული მომავლის საკითხს და მხოლოდ ერთიანი ძალისხმევითაა შესაძლებელი.

8 დეკემბერს პოლიტიკური პარტიების „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროა“ ლიდერები გავმართავთ შეხვედრას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიხეილ სააკაშვილის საკითხისა და მის გარშემო საერთო სამოქმედო გეგმის განსახილველად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები