LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში

347
Untitled design

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.

სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სახელმწიფომ მოსარჩელეებს ერთობლივად უნდა გადაუხადოს 10 ათასი ევრო არამატერიალური ზიანისთვის და 15 ათასი ევრო სასამართლოს ხარჯების დასაფარად.

გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს:

„გადაწყვეტილების მიხედვით:

სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლების) დარღვევა პროცედურულ ნაწილში, რამდენადაც, მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტიანი.

სასამართლომ გაიზიარა თითქმის ყველა ჩვენი კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიების პროცესთან მიმართებით გვქონდა. მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუსის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა;

გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არ ქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.

‼️ სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.
‼️ ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

მოგვიანებით, ჩვენი ორგანიზაცია შემოგთავაზებთ საქმის სრულფასოვან შეფასებას.
ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს.

მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით, ევროსასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად წარადგინა“, – აღნიშნულია სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატია ახლდება.

 

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

მთავრობა ევროსასამართლოში მაჩალიკაშვილების ოჯახის დისკრედიტაციის მცდელობას აგრძელებს: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

პარლამენტმა მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ჩააგდო

გამოძიებამ ოჯახს თემირლან მაჩიკაშვილის პირადი ნივთები 1.5 წლის შემდეგ დაუბრუნა

„არ განელებულა ის სიმწარე, რაც შენ გვარგუნე, ტკივილით ვიგონებთ ამ წყეულ 26 დეკემბერს, საიდანაც იწყება უშენობა…“ – თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ემოციურ პოსტს აქვეყნებს

EMC თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე ფინალურ შეფასებას აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები