ქმრისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული მაგდა პაპიძის საჩივარი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მან დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ გადალახა. ამის შესახებ ადამიანის უფელბათა ცენტრის იურისტმა, მარიამ ზაქარეიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ზაქარეიშვილის განმარტებით, პაპიძისთვის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მიზეზი საქმის დაგვიანებული გაგზავნა აღმოჩნდა. საჩივარში, რომელიც პაპიძემ სტრასბურგში გაგზავნა, ის ასაბუთებდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობასა და წამებას ჰქონდა ადგილი.
„საქმე სტრასბურგში 2018 წლის ივნისში გაიგზავნა. რა თქმა უნდა, ვითხოვდით, ევროპული კონვენციის მე-3 და მე-14 მუხლებზე დადგენილიყო დარღვევა. ეს ეხებოდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას. კერძოდ, თავად მაგდა პაპიძემ 4 პოლიციელი დაასახელა, ვინც უშუალოდ ახორციელებდა წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც მოჰყვა ორსულობის შეწყვეტა. ასევე, ეს იყო დისკრიმინაცია. ზუსტად, ამ მიმართულებით გაიგზავნა ეს საჩივარი. მაგდა პაპიძე 2015 წლის 19 დეკემბერს დააკავეს. როგორც თავად ამბობდა, სწორედ ამ დროს განხორიციელდა წამება,“ – აცხადებს ზაქარეიშვილი.
საქმის ძიება, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიგზავნა, საქართველოში შეწყდა.
„ჩვენმა ორგანიზაციამ თავიდანვე უთხრა მის ადვოკატსა და მაგდა პაპიძეს, რომ ამ საჩივრის წარდგენა სტრასბურგში დაგვიანებით ხდებოდა, მაგრამ მათი დაჟინებული თხოვნა იყო, მიუხედავად ამისა, მაინც გვეცადა და გაგვეგზავნა. თუმცა, ამ რისკს ჩვენ თავიდანვე ვაფასებდით. საჩივარმა დასაშვებობის კრიტერიუმი ვერ გადალახა იქიდან გამომდინარე, რომ 6-თვიანი ვადა იყო დარღვეული. 2016 წელს, ცემა-წამების საქმეზე საქართველოში გამოძიება შეწყდა. 6-თვიანი ვადა სწორედ აქედან უნდა ათვლილიყო. მათ გვიან, 2018 წელს მოგვმართეს. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ სტრასბურგმა საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
„მაგდა პაპიძეს გავუგზავნეთ წერილი, სადაც დანართის სახით იყო დართული სტრასბურგიდან მიღებული უარი. მან ეს ინფორმაცია სრულყოფილად მიიღო,“ – აცხადებს იურისტი.
მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 2015 წლის დეკემბერში დააკავეს. ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ერთხმად გამოუტანეს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა პაპიძე, როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.