ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება. იენს სტოლტენბერგმა ამის შესახებ გერმანიაში, რამშტაინის ფორმატის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
სტოლტენბერგმა აქვე აღნიშნა, რომ მანამდე მნიშვნელოვანია, უკრაინის გამარჯვება უზრუნველყონ:
„ნატოს ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინა საბოლოოდ გახდება ალიანსის წევრი, მაგრამ, ახლა მთავარი იმის უზრუნველყოფაა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს რუსეთზე..
ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ეს ომი დასრულდება, უნდა უზრუნველვყოთ, ისტორია არ განმეორდეს და რუსეთმა ვერ შეძლოს უკრაინის წინააღმდეგ ომის კვლავ წარმოება და ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, 20 აპრილს ნატოს გენერალური მდივანი ერთდღიანი ვიზიტით უკრაინას ეწვია, მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ მანამდე ინფორმაცია არ გავრცელებულა.