კრეატივის გენიოსი და IT-ტექნოლოგიების გურუ სტივენ ჯობსი მრავალი წელი მიმართავდა მედიტაციას.
“თუ ყურადღებით დააკვირდებით საკუთარ თავს, აღმოაჩენთ რომ თქვენი გონება საშინალად აფორიაქებულია, მისი დამშვიდების ყველა მცდელობა კი, სიტუაციის უფრო მეტად დამძიმებით დასრულდება. იმ შემთხვევაში, თუ გარკვეულ პერიოდის შემდეგ გონება მაინც შეძლებს დამშვიდებას, უცნაურ რამეს აღმოაჩენთ – გაგიმძაფრდებათ ინტუიცია და რეალობის ხედვა, ფიქრები დალაგდება, შემეცნება კი – გაფართოვდება, დაინახავთ უფრო მეტს, ვიდრე მანამდე ხედავდით და შეძლებთ შეიგრძნოთ საკუთარი თავი დროის არსებულ მომენტში – ანუ აქ და ამ დროს”, – ასე აღწერდა მედიტაციის ეფექტს სტივენ ჯობსი საკუთარ ბიოგრაფთან – უოლტერ აიზექსონთან საუბრისას.
მედიტაციის განსაკუთრებული ფორმის – შემეცნების მედიტაციის ისტორია ძენ-ბუდიზმსა და დაოსიზმს უკავშირდება. ჯობსი მასზე თავის ბიოგრაფთან გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე საუბრობდა, თუმცა მედიტაციით მრავალი წელი იყო გატაცებული, რასაც ჟურნალისტი და მწერალი ჯეფრი ჯეიმსიც ამტკიცებს, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში განიხილავდა ჯობსთან ძენისა და მისი პროგრამირების კავშირს.
ჯეიმსის განცხადებით, შემეცნების მედიტაცია იმ პერიოდში “რაღაც ეგზოტიკური” იყო, თუმცა, ჯობსმა აქაც გაუსწრო დროს. დღეს მედიტაციის პოზიტიური ზემოქმედება ნეირო-მეცნიერების მიერაა დამტკიცებული, ისეთი გიგანტები კი, როგორიც Google, General Mills, Target და Ford არიან, სპეციალურად ასწავლიან თანამშრომლებს მედიტააციის იმ მეთოდებს, რომლებიც ჯობსმა თითქმის ორი ათწლეულის წინ აღმოაჩინა.
გთავაზობთ სტივენ ჯობსის მედიტაციის გაკვეთილს, რომელიც ექვს საფეხურადაა დაყოფილი.
- შეარჩიეთ მშიდი ადგილი, დაჯექით ბრტყელ ბალიშზე (რათა შეამციროთ ზეწოლა ზურგზე) და დაიწყეთ ღრმად სუნთქვა.
- დახუჭეთ თვალები და ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს შინაგან მონოლოგს – ფიქრებს, რომლებიც გაუთავებლად “დარბიან” თავში – ეს თქვენი აფორიაქებული გონების “ლაყბობაა”, ამიტომ ნუ ეცდებით მის გაჩუმებას, უბრალოდ დააკვირდით, როგორ სწრაფად “დახტის” თქვენი გონება ერთი ფიქრიდან მეორეზე. გაიმეორეთ 5-წუთიანი ვარჯიში დღეში ერთხელ მთელი კვირის განმავლობაში.
- ნუ ეცდებით არეული ფიქრების დალაგებას, ყურადღება გონების იმ ნაწილზე გადაიტანოთ, რომელიც ყველაფერს მშვიდად აღიქვამს. ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის გონების გარკვეულ ნაწილს შეუძლია დააკვირდეს გარე სამყაროს ემოციების გარეშე ანუ არ შეაფასოს და არ ეძებოს აზრი, ის მხოლოდ ხედავს, ესმის და გრძნობს. მაშინაც კი, როცა გონება დაძაბული მუშაობს, მისი “მშვიდი” ნაწილი აუჩქარებლად აგრძელებს თავის საქმეს.
- “მშვიდი” გონების ახლოს გაცნობის შემდეგ, თხოვეთ მას შეანელოს დანარჩენი გონების მუშაობა. ნუ დაიხევთ უკან თუ თქვენი აფორიაქებული გონება პერიოდულად თავს შეგახსენებთ, ადრე თუ გვიან მას მაინც მოუწევს დაშოშმინება, თვითონაც დაისვენებს და თქვენც დაგასვენებთ.
- გონების დამშვიდების შემდეგ კონცენტრირება ისევ მის “მშვიდ” ნაწილზე მოახდინეთ. იგრძნობთ როგორ დამშვიდდა თქვენი სუნთქვა, როგორ ეხება ჰაერი კანს და როგორ მოძრაობს სისხლი სხეულში. თვალის გახელის შემთხვევაში კი, დაინახავთ, რომ სამყარო თქვენს გარშემო შეიცვალა, ახალი და შესაძლოა უცნაურიც გახდა.
- ამგვარი მდგომარეობის მისაღწევად გარკვეული დროა საჭირო. ამიტომ, ყოვლედღე რამდენიმე წუთით გაახანგრძლივეთ მედიტაცია.
იმ შემთხვევაში კი, თუ ყველაფერს სწორად გააკეთებდით, აბსოლუტურად ვერ იგრძნობთ, როგორ გადის დრო.
რეგულარული მედიტაციის შემდეგ აუცილებლად განთავისუფლდებით სტრესისგან და ცხოვრებისეულ სირთულეებსაც ბევრად უფრო მსუბუქად შეხედავთ. მოგიწესრიგდებათ უძილობის პრობლემა და ნებისმიერ დროს, სულ რამდენიმე წამში შეძლებთ ჩაძინებას. გაგიუმჯობესდებათ გონების მუშაობა, უფრო ცხადად აღიქვამთ გარემოს და ობიექტურად შეაფასებთ საკუთარ ცხოვრებას.