“13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ დაზღვეულ ოჯახებზე ჯამში 5 მილიონი ლარი გაიცა” – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა საანგარიშო მოხსენებაზე განაცხადა. მისი თქმით, სტიქიის შედეგად სულ 213 სადაზღვევო შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა დაზღვეულმა მოქალაქემ კომპენსაცია მომხდარიდან რამდენიმე კვირაში მიიღო.
რაც შეეხება აგროდაზღვევის ფარგლებში გაცემული კომპენსაციების რაოდენობას. როგორც დევი ხეჩინაშვილმა აღნიშნა, დაზღვეული 37 ათას 649 ნაკვეთიდან მოზიდულმა პრემიამ 15 მილიონზე მეტი ლარი შეადგინა. სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნისათვის კომპენსაციების გაცემის პროცესი მოგვიანებით დაიწყება, ვინაიდან სადაზღვევო კომპანიები საბაზრო ფასის დადგენას ელოდებოდნენ.