ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ადგილობრივები ლენტეხში ჰიდროელექტრო სადგურის შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის ზაზა ლიპარტელიანის თქმით, წუხელ ტექნიკა ჩუმად შეიყვანეს და ჰესის მშენებლობას გეგმავენ, რასაც არ დაუშვებენ.
„ჩვენ კარგად ვნახეთ რაც მოხდა. სტიქია გვიტევს, ესენი კი კვლავ ჰესებზე ფიქრობენ“, – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზაზა ლიპარტელიანმა.
აქციის მონაწილეებმა მშენებელი კომპანიის კუთვნილი მძიმე ტექნიკა ხეობის მიმართულებით არ გაატარეს. ადგილობრივების განცხადებით, მდინარეების ხელედურასა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4-კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს.
მოსახლეობა ეჭვობს, რომ მშენებლობის დაწყებისა და ჰესის აშენების შემთხვევაში, ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება, ხეობა კი მოსახლეობისგან დაიცლება
ადგილობრივების თქმით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600-ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება.