ბიზნეს ინკუბატორის სტარტაპი ქართულ სარეკლამო ბაზარზე გამოჩნდა. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პროგრამა ბიზნეს ინკუბატორის გუნდი Ad Move თავის პროდუქტის პრეზენტაციას გამართავს.
ღონისძიება 6 ოქტომბერს 16:00 საათზე ტექნოპარკში (ინოვაციების ქუჩა #7, თბილისი, ოქროყანა) გაიმართება.
როგორც ”ფორტუნას” ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, სტარტაპის იდეა მანქანების ბრენდირებასა და მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის გაჩენას უზრუნველყოფს.
”კომპანიებს სტარტაპის აპლიკაციით შეეძლებათ, განსაზღვრონ თავიანთი რეკლამის განთავსების არეალი და აკონტროლონ პერიმეტრი, სადაც მათი სურვილის მიხედვით დაბრენდილი ავტომობილები მოძრაობენ. ასევე შეეძლებათ, გააკეთონ წინასწარი მარკეტინგული გათვლები. დაუკავშირდნენ უშუალოდ ავტომობილის მფლობელსა და დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ მისცენ დავალებები”, – განაცხადეს სააგენტოში.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე გუნდი სატესტოდ ტაქსების დაბრენდვაზე მუშაობს, განვითარების შემდგომ ეტაპზე კი ჩვეულებრივი ავტომობილების მძღოლებს დამატებითი შემოსავლის წყაროს გაუჩენს.
შესაბამისი აპლიკაცია დამკვეთების მარკეტინგული გათვლებისათვის Ad Move-ს უკვე მზად აქვს.