LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”სტარტაპ საქართველოს“ ფარგლებში ტრენინგების კურსი იწყება

131

საპარტნიორო ფონდი ”სტარტაპ საქართველოს“ პროექტის ფარგლებში, პროექტის მონაწილეებისთვის ტრენინგების კურსს აცხადებს.

როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, საპარტნიორო ფონდის ინიციატივა ბიზნეს იდეების ავტორებსა და დამწყებ მეწარმეებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა ინოვაციების და სტარტაპების სფეროში, გაეცნონ თანამედროვე მარკეტინგულ და გაყიდვიის სტრატეგიებს, დახვეწონ ბიზნეს გეგმის წერის უნარები და დაეუფლონ სხვა საჭირო ცოდნას და ინფორმაციას.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ტრენინგის თემებია: რა არის ინოვაცია და სტარტაპი; ინოვაციების ეკონომიკა და წამყვანი ინდუსტრიების მიმოხილვა; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; MVP და ბიზნეს კანვას მოდელი; ღირებულებათა ჯაჭვის კანვასი (Value Proposition Canvas); მარკეტინგი, გაყიდვები, სოციალური მედია და ბრენდინგი; გაყიდვების სტრატეგია და ბაზრის კვლევა; ფინანსები: ხარჯები, ფასწარმოქმნა, მოგების განაწილება; როგორ დავწეროთ ბიზნეს გეგმა; ზოგადი მენეჯმენტი და HR; რა ტიპის ინვესტიციები არსებობს, როგორ ხდება სტარტაპს და ინვესტორს შორის წილის განაწილება.

”ტრენინგზე დასწრების მსურველთა რეგისტრაციის შემდეგ, დაკომპლექტდება თემატური ჯგუფები და დაიგეგმება ტრენინგების კურსი, რომლის ხანგრძლივობაც 8-10 სამუშაო დღე იქნება. ტრეინინგების ხარჯებს სრულად დაფარავს სს „საპარტნიორო ფონდი“ და „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“. ტრენინგზე რეგისტრაციისთვის, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: http://startup.gov.ge/geo/home”, – აცხადებენ ფონდში.

როგორც ფონდში განმარტეს,  ”საქართველოში მეწარმეობის განვითარების ხელის შეწყობის მიზნით “პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ სამთავრობო 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის. განსაკუთრებით, კი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავლის ეკონომიკას ქმნიან.

”დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამა” „სტარტაპ საქართველო“ ორი კომპონენტისგან შედგება. 1. მაღალტექნოლოგიური და 2. ინოვაციური. ”სტარტაპ საქართველოს” პროგრამის ფარგლებში სულ 720-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა. მათ შორის მაღალტექნოლოგიურ კომპონენტში 150-მდე განაცხადი, რომელთაგან 20 გამარჯვებული ამა წლის 25 აგვისტოს გამოვლინდა, ხოლო ინოვაციურ ნაწილში 570 ბიზნესიდეა, რომელთაგან პროგრამის გამარჯვებული 36 პროექტი გახდა. 17 ივნისს გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებს, ვისაც სურს მიიღოს დამატებითი ინფორმაცია და ცოდნა, თუ როგორ დაიწყოს ბიზნესი, აქვთ შესაძლებლობა შეავსონ შესაბამისი განაცხადი და მონაწილეობა მიიღონ ტრენინგებში. მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე http://startup.gov.ge/geo/registration”, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგზე დასწრება შეუძლიათ, როგორც გამარჯვებულებს, ასევე იმ აპლიკანტებსაც, რომელთა ბიზნესიდეამ ვერ მოიპოვა დაფინანსება, ან განხილვის სტადიაზეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები