LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულიად უსინათლო ქალს ტვინის იმპლანტის მეშვეობით მხედველობა ნაწილობრივ აღუდგა

998
news45

57 წლის ქალბატონს, რომელიც უკვე 16 წელია სრულიად უსინათლოა, მეცნიერებმა მხედველობა ნაწილობრივ დაუბრუნეს. მკვლევრებმა მისი თავის ტვინში სპეციალური იმპლანტი მოათავსეს, რის შემდეგაც პაციენტმა ასოების და სხვადასხვა ობიექტების საზღვრების დანახვა შეძლო და ვიდეოთამაშიც კი ითამაშა. ამის მიღწევა შესაძლებელი ქალის თავის ტვინის ვიზუალური კორტექსის  სტიმულირების გზით გახდა.

საქმე იმაშია, რომ მას შემდეგ, რაც პაციენტთა უმეტესობა მხედველობას კარგავს, მათი ტვინის ვიზუალური კორტექსი დაზიანებული არ არის, მაგრამ უფუნქციოდ რჩება, რადგან თვალები მას ინფორმაციას ვეღარ აწვდის. ინოვაციური სისტემა კი “ხელოვნურ ბადურას” იყენებს, რომელიც სპეციალურ სათვალეზეა დამაგრებული და მის წინ გადაშლილი სინათლეს აღიქვამს. შემდეგ სინათლე ელექტრულ სიგნალებად ითარგმნება და ტვინის იმპლანტის მიმართულებით იგზავნება, უსინათლო ადამიანი კი ამ სათვალის მიერ დანახულ ინფორმაციას “ხედავს”.

ქალბატონი სათვალეს 6 თვის განმავლობაში იყენებდა და მისი გამოყენების გამო არანაირი გვერდითი ეფექტი ან ჯანმრთელობის გაუარესების ნიშანი არ დაფიქსირებულა.

კვლევაში, რომელიც The Journal of Clinical Investigation-ში გამოქვეყნდა ნათქვამია, რომ კვლევის ავტორები ქალს მუდმივად აკვირდებოდნენ და მისი თავის ტვინის ვიზუალურად განცალკევებული ნეირონებისგან მაღალი ხარისხის ჩანაწერებს იღებდნენ. თუმცა სტიმულაციის პარამეტრები დროთა განმავლობაში სტაბილური რჩებოდა. გარდა ამისა ისინი აღნიშნავენ, რომ სისტემას არ მოუხდენია გავლენა ტვინის სხვა რომელიმე ნაწილზე, გარდა ვიზუალური კორტექსისა. ვიზუალურ აღქმასთან დაუკავშირებელ ნეირონებს ის არ შეხებია და არც მათი სტიმულაცია გამოუწვევია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სისტემა სრულიად უსაფრთხოა.

თუმცა, ექვსთვიანი საცდელი პერიოდის შემდეგ, ქალბატონის ტვინიდან იმპლანტი მაინც ამოიღეს. კვლევის ავტორების თქმით, წინ ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი იქამდე, ვიდრე ინოვაციური ტექნოლოგია ფართო მოხმარებაში ჩაეშვება, თუმცა პირველი შედეგები ძალიან დამაიმედებელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები