მიჭირს ჭამა, საჭმლის მიღება არ მსიამოვნებს – აცხადებს უსინათლო ლეილა ვეფხვაძე, რომელიც ამბობს, რომ 28 დღე იშიმშილა.
“სრული 28 დღე ვშიმშილობდით, მოთხოვნა იყო რომ დავებრუნებინეთ სამსახურში, იმიტომ, რომ ჩვენი გათავისუფლება იყო არაკანონიერი. დღეს არის სასამართლო, 11 კაცის აღდგენაზეა საუბარი, ჩვენ განაცდურის ანაზღაურებას იმიტომ ვითხოვთ, რომ ჩვენი მიზეზით არ წავსულვართ სამსახურიდან, მათ გაგვიშვეს. უბრალოდ, წმენდა მოაწყვეს. რა თქმა უნდა, განაცდურიც უნდა აგვინაზღაურონ, ჩვენ უკვე მეშვიდე თვეა ხელფასი არ აგვიღია, რითი ვარსებობთ, როგორ ვცხოვრობთ, გვაქვს თუ არა საარსებო საშუალება, არავის უკითხავს”, – ამბობს ვეფხვაძე.
უსინათლოების პირველი სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.