ხელისუფლებამ გადაწყვიტა მთავარი ამოცანა – მიშელის შეთანხმებით განსაზღვრულ 43%-იან დათქმას აქტუალობა დაუკარგა. შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას დასავლეთის მხარდაჭერით პირდაპირი საფუძველი გამოეცალა, – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს.
ანალიტიკოსის აზრით პოლიტიკურად მნიშვნელოვან ოლქებში, პირველ რიგში დიდ ქალაქებში, გაჩნდა უზურპირებული ძალაუფლების გარღვევის შანსი.
“სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს.”
გია ხუხაშვილი წერს, რომ თბილისზე, როგორც პოლიტიკური ცხოვრების ცენტრზე, ხელისუფლებამ დაკარგა კონტროლი, რაც მინიმუმ იმის წინაპირობაა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს ხელისუფლება ცალსახად წააგებს.
პოლიტოლოგი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების ფაქტს “ტრიუკად” აფასებს და მისი აზრით მესამე პრეზიდენტის ამ სვლამ სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია, მაგრამ არა ნაციონალური მოძრაობა.
“სააკაშვილის “ტრიუკმა” სერიოზულად დააზიანა ოპოზიცია (არა ნაც.მოძრაობა), რომლის ჯამური შედეგი შესაძლოა 5-7%-ით მეტი ყოფილიყო. ეს მოხდა იმიტომ, რომ მის მიერ გამოცხადებულმა მობილიზაციამ ავტომატურად შექმნა მეორე პოლუსის მობილიზაციის საფუძველი, რომელიც ტრადიციულად უფრო დიდი აღმოჩნდა.” – წერს ხუხაშვილი