ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფომ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო – სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტი ძვირადღირებულ სამკურნალო პრეპარატს სრულიად უსასყიდლოდ იღებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, პროექტი მაღალი ხარისხის ჯანდაცვაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით დაიწყო.
“ბენეფიციარების უმეტესობისთვის, დაავადების მედიკამენტური მკურნალობა მაღალი ფასის გამო, მიუწვდომელი იყო.
“იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის” სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებების შედეგად, სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მქონე ყველა პაციენტისთვის მედიკამენტი უსასყიდლოდ გაიცემა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, პროგრამაში ჩართულ ერთ-ერთ ოჯახს ესტუმრა და აღნიშნა, რომ მედიკამენტს, დაავადების სირთულის მიუხედავად, ყველა პაციენტი მიიღებს და ბენეფიციართა დაფინანსება უწყვეტად გაგრძელდება.
სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის სამკურნალო პრეპარატის ერთი ფლაკონის ღირებულება 7 485 დოლარია, რაც 12 დღის დოზას შეადგენს.