სპეცრაზმმა აქცია გამთენიისას დაშალა. სპეცრაზმმა პარლამენტთან წყლის ჭავლი გამოიყენა. წყლის ჭავლი პირველი სკოლის მხარეს, ჭიჭინაძის ქუჩაზე შეკრებილი დემონსტრანტების მისამართით გაუშვეს. პარლამენტთან სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ აქციის დაშლის დროს, აქციის ერთ-ერთი მონაწილე დაშავდა. მამაკაცმა დაზიანება თვალის არეში მიიღო. თვითმხილველების ინფორმაციით, დაშავებულს თვალში წყლის ჭავლი მოხვდა, ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
აქციის დაშლის შემდეგ დასუფთავების სამსახურმა რუსთაველის გამზირის დალაგება დაიწყო. ამ დროისათვის პარლამენტის ყველა შესასვლელი თავისუფალია და მოძრაობა რუსთაველის გამზირზე აღდგენილია.
“ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა საკუთარი არჩევანი, რომ მისი არჩევანია, ხალხთან დიალოგის ნაცვლად ამოეფაროს სპეცრაზმს, ყვითელ ავტობუსებს და ფარებს,”-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა:
“4 თვის განმავლობაში, როცა ტარდებოდა საკნების აქცია და მთელი რუსთაველი იყო ბლოკირებული, ჩვენ ფიზიკურად ვერ შევდიოდით პარლამენტის შენობაში, რადგან გარშემორტყმული იყო მომიტინგეების საკნებით და მაშინდელმა ხელისუფლებამ, „სისხლიანმა ხელისუფლებამ“, როგორც „ქართული ოცნება“ ეძახის, 4 თვე ითმინა საზოგადოების პროტესტი, არ ამოფარებულა ავტობუსებს, არ ჩაუტარებია პარლამენტის სხდომა. ამ ხელისუფლებას არც ამის მოთმენა აქვს, არც ხედვა“, – განაცხადა ბაქრაძემ.
ბიძინა ივანიშვილი პარლამენტის სხდომას ატარებს „რობოკოპების“ დახმარებით – აი, ასეთი მოცემულობაა დღეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა აქციის დაშლის შემდეგ განაცხადა.
რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში აქციის მონაწილეების გარკვეული რაოდენობა ისევ რჩება. გამთენიისას სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ ისევ რჩებიან. გაშლილია კარვებიც.