LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეს უთხრეს, რომ ექსკურსიაზე თანატოლებთან ერთად ვერ წაიყვანენ

256
  • დედა, ბავშვები ექსკურსიაზე მიდიან, ჩვენც ხომ წავალთ?
  • შენ თუ გინდა, რა თქმა უნდა, წავალთ.

12 წლის ლუკა ექსკურსიაზე წასასვლელად ემზადება, თუმცა, მეორე დღეს სკოლაში ეუბნებიან, რომ ექსკურსიაზე ვერ წავა. ლუკა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეა, რაც ჰიპერაქტიურობასა და ქცევის დარღვევაში გამოიხატება.

ლუკა ძმებთან ერთად

 

„ფორტუნასთან“ საუბარში ბავშვის დედა, მაკა საკანდელიძე ამბობს, რომ ექსკურსია კვირას არის დაგეგმილი, მის შესახებ კი, ბავშვისგან ხუთშაბათს შეიტყო. სკოლაში საქმის კურსში პარასკევს ჩააყენეს. აღმოჩნდა, რომ დაგეგმილ ექსკურსიაზე არაფერი იცოდა არც სკოლის დირექტორმა და არც ფსიქოლოგმა.

„დამრიგებელმა მითხრა, რომ დირექტორი მიბარებს, შევედი და მეუბნება ასეთ რამეს, რომ ექსკურსიაზე მიდიან და ეს არ იცოდა, რომ დამრიგებელსაც საყვედური უთხრა, თუ როგორ არ ჩააყენა საქმის კურსში, თუმცა მანამდეც იყო საუბარი, რომ დამრიგებელი ექსკურსიას გეგმავს და ახლა ისეთი სიტუაცია არ არის, რომ ლუკა მზად იყოს ექსკურსიაზე წასასვლელად, მოდი ისე გავაკეთოთ, რომ წავიდეს,“ – ამბობს მაკა საკანდელიძე.

როგორც ყვება, დამრიგებელმა შესთავაზა, რომ ლუკა მოატყუონ, ვითომ ექსკურსიაზე აღარ მიდიან ან ექსკურსიის ნაცვლად, სხვაგან წაიყვანონ და უთხრან, რომ თანაკლასელებთან ერთად სწორედ იმიტომ ვერ მიდის, რომ სხვაგან უნდა წავიდეს ან პირდაპირ უთხრან, რომ ახლა ვერა, მაგრამ სხვა დროს წავა. მშობელი ყვება, რომ ამაზე უარი განაცხადა, რადგან იცის, რომ ლუკა სხვა დროს წასვლას არ დათანხმდება და რეაქცია მძაფრი იქნება. საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციას სპეციალისტებთან გაივლიდნენ და პრობლემას ამ გზით გადაჭრიდნენ.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ლუკას იმ ექსკურსიაზე “ვერ წასვლის” ამბავი შეატყობინეს, რომელიც შესაძლოა, არც შედგესს. როგორც „ფორტუნას“ სკოლის დირექტორმა მაია ჯაბაურმა განუცხადა, ექსკურსიის ამბავი გადაწყვეტილი არ არის და შესაძლოა, გადაიდოს.

„მშობელთან ერთად ვმსჯელობდით, როგორ იყო უკეთესი, თორემ ჩვენ გადაწყვეტილად არ გვითქვამს მშობლისთვის, რომ ბავშვს არ წავიყვანთ. ბავშვს აქვს რთული ქცევები, დაპირისპირებულია კლასის რამდენიმე ბავშვთან. ჯერ გადაწყვეტილი ისიც არაა, კლასი წავა თუ არა ექსკურსიაზე, შეიძლება გადაიდოს.

მშობელთან კითხვა დავსვით, რომ ამ ეტაპზე 10 საათიანი გასვლა მიზანშეწონილია თუ არა, საქმეს ხომ არ გაართულებს, ქალბატონი მაკასგან ის პასუხი მივიღეთ, რომ თქვენ მირეკავთ ახლა. აბსოლუტურად თანამშრომლობაზე არ მოდის. რას ქვია ბავშვს არ წავიყვანთ, ასე არავის უთქვამს გადაწყვეტილად. სათუაოა, შეიძლება სულაც არ დაიგეგმოს ეს ექსკურსია. ნებართვა მე ექსკურსიაზე არ მიმიცია.

მშობელმა შემომთავაზა, რომ ვიმსჯელოთ სპეციალისტებთან ერთად და როგორც ბავშვისთვის უკეთესია, ისე გადავწყვიტოთო. ჩემი კაბინეტიდან რომ გავიდა, მადლობა გადამიხადა. ლუკა ვინ ჩააყენა საქმის კურსში, ეგ თვითონ მშობელს ჰკითხეთ,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

მაკა საკანდელიძე

მშობელს ვკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ექსკურსიის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ლუკა საქმის კურსში ფსიქოლოგმა ჩააყენა. დირექტორის კაბინეტიდან გამოსული მშობელი სწორედ ფსიქოლოგს ესაუბრა, რომელმაც აუხსნა, რომ ექსკურსიის თაობაზე დროულად არ შეატყობინეს, ამიტომ ვერც მშობლებთან, ვერც ბავშვებთან მუშაობა მოასწრო.

„მითხრა, რომ ლუკას გამო ექსკურსიას ვერ გადაიტანენ, იმიტომ რომ ამას სხვა მშობლების და ბავშვების გაღიზიანება მოჰყვება,“ – ყვება მაკა საკანდელიძე.

მშობელი ამბობს, რომ სკოლაში სურდათ ეს სიმართლე შვილისთვის მას ეთქვა, თუმცა, დედამ ამის გაკეთება ფსიქოლოგს სთხოვა.

„ლუკას ძალიან მძაფრი რეაქცია ჰქონდა. გული მიკვდება, რომ საკუთარ შვილს ვხედავ ასეთ მდგომარეობაში. ასეთი რამ თქვა, თუ მე არ მიშვებთ ექსკურსიაზე, იმიტომ რომ გეშინიათ, რომ ჩემსა და იმ ბავშვს შორის ურთიერთობა დაიძაბება, მაშინ ისიც ნუ წამოვა. ძალიან გაღიზიანდა. ფეხები აბაკუნა და გამოაცხადა, რომ მაინც წავა ექსკურსიაზე,“ – იხსენებს მაკა საკანდელიძე.

მშობელი ამბობს, რომ მიუხედავად გარკვეული დაპირისპირებისა, ლუკას მის მიმართ კეთილგანწყობილი კლასელებიც ჰყავს.

“სკოლიდან რომ გამოვდიოდით, კიბესთან მისი კლასელი შეგვხვდა, ლუკას ხელი გაუწოდა. ვკითხე, თუ უნდოდა, რომ ლუკა ექსკურსიაზე წასულიყო, გაეცინა და მითხრა კიო,”– ყვება მაკა საკანდელიძე.

„ფორტუნა“ ფსიქოლოგსაც დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ თათბირზე იმყოფებოდა, სადაც სწორედ ამ საკითხის შესახებ მსჯელობდნენ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინკლუზიური განათლების პროგრამის მენეჯერთან, სალომე ჩარკვიანთან გადაგვამისამართა. სალომე ჩარკვიანი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ ფსიქოლოგმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო მორიგი ჩხუბის აცილების გზა. სალომე ჩარკვიანი ამბობს, რომ ფსიქოლოგი ბავშვს ინფორმაციას აუცილებლად ყველა წესის დაცვით მიაწვდიდა და ტანტრუმი, რომელიც ბავშვს ამის შემდეგ დაემართა, არ ნიშნავს იმას, რომ ფსიქოლოგი არასწორად მოიქცა.

„მას უნდა ცოდნოდა, რომ იმის გამო, რომ ის აბულინგებს სხვა ბავშვს და ამას კონტროლს ექსკურსიაზე ვერავინ გაუწევს, ვერ წავიდოდა ამ ექსკურსიაზე და წავიდოდა შემდეგ ექსკურსიაზე. ამ ბავშვს აქვს ძალიან კარგი ინტელექტი იმისთვის, რომ იცოდეს, რა მოჰყვება მის საქციელს.

რადგან ტანტრუმი დაემართა, ეს არ ნიშნავს, რომ მას უთხრეს, რომ შენ ისჯები. სიტყვა – დასჯა არავის უხსენებია. ეს იყო მორიგი აგრესიული ჩხუბის აცილების გზა. ორ ბავშვს შორის ცოტა ხნით ადრე მოხდა და რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა დაპირისპირება, რომელიც იყო აბსოლუტურად ცალმხრივი,“ – ამბობს სალომე ჩარკვიანი.

მიუხედავად იმისა, შედგება თუ არა ექსკურსია, სალომე ჩარკვიანი ამბობს, რომ ლუკამ უნდა იცოდეს – ამისთვის დღეს მზად არ არის. სხვაგვარად ფიქრობენ განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების განვითარების სამმართველოში.  როგორც სამმართველოს უფროსი ეკა დგებუაძე „ფორტუნასთან“ ამბობს, ეს სწორი არაა და როცა ასეთი აქტივობა იგეგმება, მნიშვნელოვანია სპეციალისტები დროულად ჩააყენონ საქმის კურსში, რათა მათი მუშაობის შედეგად სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლემ ექსკურსიაზე წასვლა შეძლოს.

ეკა დგებუაძე განმარტავს, რომ ბავშვს თანაკლასელთან სერიოზული კონფლიქტი აქვს, საუბარია ფიზიკურ ძალადობაზე და ამიტომ ექსკურსიას, რომელიც 10 საათი ქალაქგარეთ გასვლას გულიხსმობს, მომზადება სჭირდება, რაც სპეციალისტებმა ინფორმაციის არქონის გამო ვერ მოასწრეს.

მისივე თქმით, იმისთვის რომ ბავშვის ქცევა არ გართულდეს, მნიშვნელოვანია, სკოლასთან ერთად, რეკომენდაციებს მიყვეს მშობელიც.

„მილიონი სერვისი მუშაობს ამ ბავშვის მხარდასაჭერად. რატომ არ კითხულობთ, დედა არღვევს თუ არა უფლებებს? არ ასრულებს რეკომენდაციებს, ინსტრუქციებს, რომელსაც ფსიქოლოგი აძლევს. როცა დედა ამ ინსტრუქციებს მიყვებოდა, სკოლაც და დედაც შეთანხმებულად მუშაობდნენ, ძალიან ჰარმონიულად მიდიოდა პროცესი. ახლა ბავშვის გაღიზიანების შემდეგ, მან უარესი ისტერიკა მოაწყო და მივიღეთ ეს შედეგი. ჩვენ სოციალურ სააგენტოსაც მივმართავთ, თუ ლუკას უფლება ისევ დაირღვევა,“ – ამბობს ეკა დგებუაძე.

პრობლემების შესახებ, რომელსაც 12 წლის ლუკა სხვადასხვა დროს სხვადასხვა სკოლაში აწყდებოდა, შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენს მიერ მომზადებული სიუჟეტიდანაც.

 

თაკო ივანიაძე