LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები – გამოწვევა სახელმწიფოსთვის [ვიდეო]

12 წლის ლუკა და 8 წლის გაბრიელი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები არიან.  დღეს, ალბათ, ვერ ნახავთ სკოლას, სადაც სპეციალური საჭიროების მქონე რამდენიმე ბავშვი არ სწავლობს.

ლუკა ახლა მეექვსე კლასშია და ამ ხნის  განმავლობაში რამდენიმე სკოლა გამოიცვალა. ჰიპერაქტიურობის სინდრომი მეოთხე კლასში დაუდგინდა, თუმცა, პრობლემები, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინდივიდუალური მიდგომის არ არსებობის გამო, გაცილებით ადრე დაიწყო და დღემდე გადაჭრილი არაა.

“ფორტუნას” მეორე რესპონდენტი 8 წლის გაბრიელის დედაა. გაბრიელს აუტიზმი 2 წლის ასაკში დაუდგინეს და მას შემდეგ თამუნა იარაჯულს საკუთარი შვილის უფლებების დასაცავად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია (ზოგჯერ აქციები) ხშირად უწევს. “ფორტუნამ” ის სწორედ ასეთ ვითარებაში მთავრობის ადმინისტრაციაში გადაიღო, სადაც ბავშვს კუთვნილი სერვისის მისაღებად დასჭირდა მისვლა.

მთავრობაში გაბრიელს კონკრეტულს ვერაფერს დაჰპირდნენ. პრემიერის აპარატის წარმომადგენელი, რომელიც თამუნა იარაჯულს შეხვდა, ჩვენთან კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ეს საკითხი თბილისის მერიის კომპეტენციაა.

 

 

„ფორტუნამ“ სიუჟეტში დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს მიმართა.

თბილისის მერიაში დაგვიდასტურეს, რომ აუტიზმის პროგრამისთვის მომლოდინეთა რიგი ნამდვილად ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა, მერიაში მისი გადაჭრის გზებზე ნაკლებად ისაუბრეს.

როგორც “ფორტუნასთან” მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი, განმარტავს, პრობლემა არა ფინანსებში, არამედ სერვისის მიმწოდებლებშია. ჩვენთან საუბარში გელა ჩივიაშვილი ასევე აზუსტებს, რომ მომლოდინეთა რიგში ამჟამად არა 120, არამედ 64 ბავშვია, რომელთა ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

„64 ბავშვის პროგრამაში ჩასმა მერიაზე დამოკიდებული არაა. აქ ფინანსური პრობლემა არაა, მიმწოდებელ დაწესებულებებში თავისუფალი ადგილების პრობლემაა. შესაბამიად, აქ მარტო მერია ვერაფერს გააკეთებს, სანამ მათი გაფართოება არ მოხდება.

“რაც შეეხება გადამზადების პრობლემას, ამაში, ალბათ ,ჩართულნი უნდა ვიყოთ ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტროც, რეგიონის მუნიციპალიტეტებიც,“ – აცხადებს გელა ჩივიაშვილი.

ის ამბობს, რომ პრობლემა, სერვისის მიმწოდებლების გარდა, რეგიონებში მსგავსი სერვისების ნაკლებობაა. როგორც გელა ჩივიაშვილი აღნიშნავს, პრობლემის გადასაჭრელად თბილისის მერიამ თბილისში ცხოვრების პერიოდთან დაკავშირებით შეზღუდვა შეარბილა და, თუ ადრე ბენეფიციარს პროგრამაში ჩასასმელად თბილისში რეგისტრაციის 2 წელი სჭირდებოდა, ახლა ეს პერიოდი 1 წლამდეა შემცირებული, მაგრამ როგორც გელა ჩივიაშვილი განმარტავს, ამის მიუხედავად, პრობლემა არ გადაჭრილა.

„ამან პრობლემა, პირიქით, გაზარდა. თბილისის ბიუჯეტი აუტისტური პროგრამის ნაწილში ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა. ჩვენ ჩავრთეთ ეს ბავშვები პროგრამაში, მაგრამ სერვისის მიმწოდებლებმა ფიზიკურად ვეღარ შეძლეს მათი მიღება. ფასიან ჯგუფებშიც კი აღარ აქვთ ადგილი. სამწუხაროდ, კადრების გადამზადება და მათი გაზრდა თბილისის მერიის კომპეტენცია არ არის. ესაა უშუალოდ კერძო ბიზნესის ფუნქცია, რომელიც სერვისის მიმწოდებელია. კოორდინაცია ამაზე, რა თქმა უნდა, მათთან გვაქვს, არა მარტო მათთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, სახალხო დამცველის აპარატთან,“ – აცხადებს გელა ჩივიაშვილი.

გელა ჩივიაშვილის თქმით, პროგრამაზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მათ დასაკმაყოფილებლად, სამწუხაროდ, თბილისის მერიას რესურსები არ გააჩნია.

“ფორტუნა” საგანმანათლებლო დაწესებულებებში სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების ბედითაც დაინტერესდა და ამ საკითხზე პასუხისთვის განათლების სამინისტროს მიმართა.

როგორც აღმოჩნდა, განათლების სამინისტროს ინკლუზიური განათლების რეფორმაზე მუშაობა დაწყებული აქვს.

როგორც „ფორტუნას“ ინკლუზიური განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ეკა დგებუაძემ, განუცხადა, ცვლილებები შეეხება ინკლუზიური განათლების პროგრამის დაფინანსების მოდელს, იგეგმება სპეცმასწავლებლის პროფესიის განვითარება და სახელფასო ფონდის გადახედვა. 

„რეფორმა შეეხება სპეცმასწავლებლის პროფესიის განვითარებას, ეს ასევე გულისხმობს  სახელფასო ფონდის გადახედვას და შეცვლას იმიტომ, რომ ეს ადამიანები აღიარებულნი უნდა იყვნენ მასწავლებლებად,” – აცხადებს ეკა დგებუაძე და დასძენს, რომ კანონში შესაბამისი ცვლილებების შემდეგ, რომელსაც, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე უნდა ველოდოთ, სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების სქემა დამტკიცდება.

მისივე განცხადებით, იგეგმება ასევე პერსონალური ასისტენტების საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაც, რაც შეეხება დაფინანსებას, განათლების სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ეს თვითმმართველობებმა უნდა იტვირთონ.

ეკა დგებუაძემ ასევე აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო პოზიტიური ქცევის მართვის გზამკვლევზეც მუშაობს, რომელიც ყველა სკოლაში შევა. თუმცა, როგორც დგებუაძე ამბობს, უშუალოდ პროგრამის დანერგვა სკოლებში არ მოხერხდება.

“პოზიტიურ ქცევას რაც შეეხება, ჩვენ დავიწყეთ ორი წლის წინ პოზიტიური ქცევის მართვის პროგრამა ერთ-ერთ სკოლაში და წელს უკვე დაგეგმილია გზამკვლევების გაკეთება, რაც უკვე ყველა სკოლას მოიცავს და ეს იქნება სარეკომენდაციო დოკუმენტი ყველა სკოლისთვის,” – აღნიშნავს ეკა დგებუაძე.

მისივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სპეციალური მასწავლებლის პროფესიის განვითარების სქემა დამტკიცდება და ამოქმედდება, ეს ავტომატურად გაოიწვევს დაფინანსების მოდელის გადახედვას. დაფინანსების მოდელს უწყება, სავარაუდოდ, 2018 წელს გადახედავს.

 

 

თაკო ივანიაძე