„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის განცხადებით, კონტექსტი, რომ „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ოთარ ფარცხალაძეს იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენების მოსახდენად”, არის აბსოლუტური ტყუილი.
„ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, რამდენადაც ცნობილია, სუს-მა დაიწყო მოკვლევა და ყველაფერს გაეცემა პასუხი, მაგრამ აქ ფარცხალაძე კი არაა პრობლემა, პრობლემაა კონტექსტი, ის რაც ახლავს ფარცხალაძის სანქცირებას. წაგიკითხავთ სიტყვა-სიტყვით: „რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს იყენებს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასიკეთო გავლენების მოსახდენად“, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და კიდევ ერთხელ ფარდას ხდის იმ კონტექსტს, რასაც გლობალური ომის პარტია აწარმოებს. კერძოდ იმას, რომ საქართველო რამენაირად გახადონ ომის მხარე, გაიხსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, ან თუ ეს არ მოხდა, დასაჯონ საქართველო და მისი ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა აირიდოს.
ეს კონკრეტული ბრალდება არის აბსურდული და შესაბამისად ფარცხალაძის სანქცირების დაკავშირება ქართულ პოლიტიკასთან და ქართულ საზოგადოებაზე გავლენასთან არის გამოგონილი ბრალდება, ისევე როგორც დღემდე ვერ გაიგო საზოგადოებამ იმ ოთხი ქართველი მოსამართლის სანქცირება, რაც იყო საქართველოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით და სხვა საფუძველი ამას არ ჰქონდა,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.