პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პატრიარქისთვის ცალკე ოთახის გაკეთებასა და მის იზოლირებას გეგმავდნენ. ამის შესახებ ოხანაშვილმა ”რუსთავის2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა, იგეგმებოდა არა პატრიარქის იზოლირება, არამედ სამედიცინო ტექნიკით აღჭურვილი ოთახის გაკეთება, მისი თქმით, პატრიარქი კლინიკაში სამედიცინო გამოკვლევებზე გადაყვანისგან, ხშირ შემთხვევაში თავს იკავებდა. ეს იდეა კი, ოხანაშვილის თქმით, მას ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებულმა, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შესთავაზა.
”მისი უწმინდესობა 24 დეკემბერს შეუძლოდ გახდა. ის არ თანხმდებოდა კლინიკაში გადაყვანას. ექიმების დაჟინებული თხოვნით ერთხელ წავედით გამოკვლევებზე. პატრიარქი აცხადებდა, რომ კარგად იყო და არაფერი აწუხებდა, რის გამოც არ სურდა კლინიკაში გადაყვანა. აქედან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძემ, რომელიც საპატრიარქოს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი იყო, მითხრა, რომ აჯობებდა საპატრიარქოში ერთ-ერთ კელიაში გაგვეკეთებინა ოთახი, როდესაც პატრიარქს დასჭირდება, იმ ოთახში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებოდა”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.