LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო ფხაკაძე: ”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონი სიკეთეს არც მომხმარებელს მოუტანს და არც ბიზნესს

73

”მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” კანონის მიღება სიკეთეს არც მომხმარებელს მოუტანს და არც ბიზნესს, – ამის შესახებ ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესმენების ხელთ არსებული ინფორმაციით, მთავრობის ძალიან ბევრი წევრიც ამ პოზიციაზეა.

”ჩვენ ყოველთვის ძალიან ეფექტურად ვთანამშრომლობთ სახელმწიფოსთან, როგორც მთავრობასთან, ასევე პარლამენტთან. კონკრეტულად ამ შემთხვევაში გვაქვს აბსოლუტურად ნეგატიური დამოკიდებულება კანონპროექტთან დაკავშირებით. საქართველოში მოქმედებს ძალიან ბევრი ნორმატიული აქტი, რომელიც არეგულირებს ამ სფეროს. ეს არის სურსათის უვნებლობის კოდექსი, პროდუქციის უსაფრთხოების კოდექსი, ასევე არის მთავრობის დადგენილება, რომელმაც შექმნა შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა დაცული იყოს მომხმარებელთა ინტერესები, ასევე არსებობენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და მარეგულირებელი ორგანოები ამ სფეროში და ჩვენთვის მართლაც აბსოლუტურად გაუგებარია, რა საჭიროა კიდევ ახალი კანონის ამოქმედება, რომელიც პირველ რიგში ხარჯებს გაუზრდის ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტს და მეორე მხრივ, სიკეთეს არც მომხმარელებს მოუტანს და არც ბიზნესს. ვფიქრობთ, რომ ასეთი კანონი არ უნდა მივიღოთ,” – განცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ბიზნესი გეგმავს პარლამენტთან საკითხზე აქტიური მუშაობის დაწყებას.

”პარლამენტი უნდა დავარწმუნოთ იმაში, რომ ისეთი კანონები მივიღოთ, რომელიც წაადგება ქვეყანას, ბიზნესის და ეკონომიკის შემდგომ განვითარებას” – განაცხადა ფხაკაძემ.

კანონპროექტის  ავტორი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილია. მისი თქმით, კანონპროექტის მიზანია საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება.კანონპროექტის მიხედვით,  მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა შეძენილი პროდუქცია 14 დღეს ვადაში ყოველგავრი საფუძვლის გარეშე უკან დააბრუნოს. კანონპროექტი მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტის ამოქმედებასაც ითვალისწინებს.

კანონპროექტს ბიზნეს ასოციაცია ეწინააღმდეგება. ასოციაციის წარმომადგენლის განცხადებით, ახალი რეგულაცია ბიზნესს დამატებით ბარიერებს შეუქმნის და ხარჯებს გაუზრდის, რამაც საბოლოო ჯამში შესაძლოა, პროდუქტი გააძვიროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები