LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხური მხარეც მართალია, ჩვენც მართლები ვართ

153

”თავის მხრივ სომხური მხარეც მართალია, როცა ამბობს რომ იქ McDonalds-ი არ იხსნება, მაგრამ ჩვენც მართლები ვართ”, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი თემურ ჭყონია სომხეთში McDonalds-ის რესტორნის გახსნის თემას. ”ფორტუნას” კითხვაზე, ხომ არ შეცვლილა აღნიშნულ ქვეყანაში რესტორანის გახნის გეგმები, ჭყონია პასუხობს, რომ არა : სომხეთში რესტორნის მოწყობა კვლავ განიხილება.

”არ ვიცი რას წერდა სომხური მედია, თუმცა, თუ ისინი ამბობენ რომ სომხეთში McDonalds-ის რესტორანი არ იხსნება, ამაში გასაკვირი არაფერია. ვინაიდან, იმისთვის რომ ობიექტი გაიხსნას, სულ მცირე სამშენებლო სამუშაოები უნდა იყოს დაწყებული. ჩვენ კი ჯერჯერობით სომხეთში ტერიტორიის შერჩევისა და მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ. ასე რომ, ისინიც მართლები არიან, როცა წერენ რომ ჯერ მსგავსი არაფერი იხსნება”, – განმარტა ჭყონიამ.

მისივე ინფორმაციით, რომელიმე ქვეყანაში ბიზნესის წამოწყება ორივე მხარესთვის მისაღები და ხელსაყრელი უნდა იყოს, ამიტომ, ამდროისთვის ჯერ კიდევ დეტალების დაზუსტება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 2017 წლის თებერვალში სომხურ მედიაში სტატია დაიწერა სათაურით: “McDonalds-ი სომხეთში რესტორნის გახსნას არ აპირებს”. როგორც ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო newsarmenia იუწყებოდა, ისინი ინფორმაციის გადასამოწმებლად McDonalds-ის ევროპის ცენტრალურ ოფისს დაუკავშირდნენ, სადაც McDonalds-ის სომხეთში გახსნის შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურეს. ამასთან, მათივე ცნობით, newsarmenia-მ ოფიციალური წერილით სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომაც მიმართა, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არც აქ დადასტურდა.

”ფორტუნა” ამ საკითხზე მაშინ ”მაკდონალდსი საქართველოს” გენერალურ დირექტორს თენგიზ კაპანაძეს დაუკავშირდა, რომელიც საქმიანი ვიზიტით, სწორედ McDonalds-ის თემაზე, თებერვლის დასაწყისში სომხეთში იმყოფებოდა. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, რესტორნის აშენების და გახსნის ზუსტი თარიღი ჯერ არ არსებობს, შესაბამისად, მსგავსი ინფორმაციის გავრცელება სომხურ მედიაში გასაკვირი არ არის.

აქამდე არსებული ინფორმაციით, სომხეთში რესტორნის გახსნას ქართველი ბიზნესმენი თემურ ჭყონია 2017 წლის ბოლომდე ვარაუდობდა. მოესწრება, თუ არა ამ პერიოდში მეზობელ ქვეყანაში შესვლა, ჯერჯერობით უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები