სომხეთის ეკონომიკის მინისტრის განცხადებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ეხმაურება.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, სომხეთის თხოვნით, საქართველოს მთავრობა ზემო ლარსის გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტს განიხილავს.
“ხსენებული პრობლემატიკიდან გამომდინარე, სომხეთის რესპუბლიკის მთავრობამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას, ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად ასევე განხილული ყოფილიყო საზღვაო ტრანსპორტიც, რომელიც საკვები და მალფუჭებადი, ასევე ესენციური პროდუქტების ნაწილში სომხეთის ტრანზიტულ ტვირთს დაამუშავებს.
სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი არ გააჩნია, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას.
ამ მხრივ, ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის – “იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით”, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.