ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო დროშის დაწვის გამო საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა დააკავეს.
„სოლიდარობა ირაკლი ბებუას“ – დღეს ამ სლოგანით ირაკლის მხარდაჭერი აქცია მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ გაიმართა.
აქტივისტები საქართველოს ხელისუფლებას, ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაცვისკენ მოუწოდებდნენ. ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ ბებუას დროულად განთავისუფლების საკითხში საერთაშორისო საზოგადოებაც უნდა ჩაერთოს.
აქცია „სოლიდარობა ირაკლი ბებუას“ ორგანიზატორები „შეცვალე“, „დემოკრატიული მომავლისთვის“ და „გხედავ“ – ორგანიზაციები იყვნენ.
ფორტუნა ერთ-ერთი ორგანიზაციის „შეცვალეს“ წარმომადგენელს გაესაუბრა:
“საერთო ჯამში, დღევანდელ აქციაში სამოქალაქო აქტივისტები, ირაკლი ბებუას ოჯახის წევრები და ახლობლები იღებდნენ მონაწილეობას. აქციაზე ასევე ის მოქალაქეები იყვნენ მოსულები, რომლებიც ასე ღიად და ყოველდღიურად, პოლიტიკურ პროცესებში არ არიან ჩართული. ჩვენი მთავარი მესიჯი იყო, რომ ხელისუფლებას მოვუწოდოთ, ამ მოლაპარაკებებში უფრო აქტიურად ჩაერთოს, ვინაიდან ეს პროცესი გარდა სამართლებრივისა, არის პოლიტიკურიც. მოვუწოდებთ, რომ გააქტიურონ საერთაშორისო ბერკეტები და იყვნენ უფრო აქტიურები, რადგან გვაქვს პრეცედენტები, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეებს სიცოცხლის დასრულების საშიშროება ემუქრებათ. ეს მაგალითი იგივე ტატუნაშვილის საქმიდან გვაქვს. ეს აქცია სწორედ მსგავსი მოვლენების პრევენციის მიზნითაა. ასევე ჩვენი მოტივია, რომ რაც შეიძლება მალე გააკეთოს პრეზიდენტმა და პრემიერმა ამ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება. ვინაიდან ეს პოლიტიკური საქმეა და დღეს ქვეყნის მთავარი პირები ისინი არიან. ჯერჯერობით რეაგირება მხოლოდ სუს-ის მიერ, ერთჯერადი განცხადებით იყო”, – აცხადებს ნიკა ფარულავა, ორგანიზაცია „შეცვალე“-ს წარმომადგენელი.
ცნობისთვის: გალის რაიონში მცხოვრები, საქართველოს მოქალაქემ ირაკლი ბებუამ 27 სექტემბერს, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. დროშა დაწვა. ამ გზით ბებუამ ადგილობრივი საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოხატა, რის შემდეგაც საოკუპაციო რეჟიმის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა ირაკლი ბებუა დააკავეს. მოქალაქე დღემდე სოხუმის ციხეში იმყოფება და მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ადგილობრივები ირაკლი ბებუას ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვენ.