LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოხუმი – მეხსიერებაში ფერადია! გულში – ნაცრისფერი და ტკივილით სავსე…“

652

გთავაზობთ რადიო „ფორტუნას“ ჟურნალისტის, ნიკა კაციას ჩანახატს სოხუმის შესახებ, სადაც მისი დიდი ბებია ცხოვრობდა…

„სოხუმში დიდი ბებია, ანა ჯელია ცხოვრობდა. მასთან, ზაფხულისა და ზამთრის არდადეგებს ვატარებდი…

წითელი აგურის, ორსართულიანი სახლი, ზომიერი ეზო, ციტრუსისა და ჭრელი ვაშლის ნარგავები, ისევ, ჩემი მეხსიერების ნაწილია. არ მავიწყდება აივნიდან დათვალიერებული შავი ზღვა, ჰორიზონტი და მეზობლის კერძო სახლების უკან გაშენებული პლანტაციები. მეზობელი „ჯვებეც“ მახსოვს, რომელიც მოპარულ ფორთოხალსა და ორ მანდარინს, ციტრუსით დატენილ მუყაოს ყუთში მიცვლიდა…

სოხუმის თეატრი, სასტუმრო და რესტორანი „აფხაზეთი“, მზიანი სანაპირო, პალმები, კომეტა, ზოოპარკი და ანძაც მახსოვს. ტელევიზია მაშინაც მიყვარდა… იქ გატარებული 25 დეკემბერიც მიყვარს, ჩემი დაბადების დღე, რომელიც მეხსიერებაში მხოლოდ ორჯერ ჩაიბეჭდა… ჰო, კიდევ ბევრი ფული მახსოვს, არშბების ოჯახმა რომ მაჩუქა…

ასე, გაზაფხულის ბოლოს ზაფხულს, შემოდგომის მიწურულს კი ზამთარს, მოუთმენლად ველოდებოდი.

ბოლოს მე-4 კლასში ვიყავი, როცა სოხუმში ჩავედი. იმ წელს აფხაზეთისთვის უჩვეულო, დიდი თოვლი მოვიდა. უცნაურად მშვიდი იყო სოხუმი და ჩვენი ეზო, სადაც „გრადი“, გაურკვეველი ჯიშის, პატარა ძაღლი დარბოდა. მოკლედ, პატარა ვიყავი და ბევრი რამ გაუგებარი იყო. თუმცა, კომენდანტის საათი და ტანკიც კარგად მახსოვს, ერთ დღეს ჩემი, შეშინებული მზერა რომ შთანთქა. იმ დროს, მონდომებით და სიხარულით ვიპარებოდი მიტინგებზე. საკუთარი ხელით, უზარმაზარ ტრანსფარანტს ვათრევდი წარწერით „ძირს სისხლიანი ხუნტა“ – ეს იმ ბედნიერი ეპიზოდის, გაუგებარი გაგრძელებაა, რომელიც აჩქარებული კადრივით მახსოვს. ამ კადრში მოხვდა მატარებლის ლიანდაგის აფეთქება, რის გამოც თბილისისკენ მომავალი, ისევ, სოხუმში დავბრუნდი…

…თბილისში, საგანგებო რეისით ჩამოვფრინდით. დიდი ბებია მოგვიანებით ჩამოვიდა და უცებ დადგა 27 სექტემბერიც. ანამ ინერვიულა და სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წელს გარდაიცვალა. მეოთხეკლასელი, მხოლოდ ბებიის ამბავს განვიცდიდი და მოგვიანებით გავაცნობიერე, რომ დავკარგე ის, რაც ჩემია, თქვენი, ჩვენი საქართველოს ნაწილი! დიახ, ბედნიერებით დაწყებული ისტორია, გაუგებრობით დასრულდა, ან გაგრძელდა. ოჯახში ხშირად მიყვებოდნენ სისხლისღვრასა და გაუჩინარებულ ადამიანებზე, მაგრამ არაფერს დავწერ…

დღემდე განვიცდი, მაგრამ ტკივილთან ერთად, იქვე, გულში, სოხუმში დაბრუნების იმედი ცხოვრობს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები