ჟურნალისტი და ტელეწამყვანი სოფო შევარდნაძე თბილისში დაიბადა, თუმცა საფრანგეთში გაიზარდა, სწავლობდა ამერიკაში და 2005 წლიდან რუსეთში ცხოვრობს. ის ამჯერად Russia Today-ს თანამშრომელია და eda.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში კულინარიაზე საუბრობს: „გოგო, რომელიც დაიბადა საქართველოში და გაიზარდა საფრანგეთში, უნდა ამზადებდეს კერძებს. თუმცა მე როგორც ჩანს, საკმაოდ ზარმაცი ადამიანი ვარ და მომზადება დავიწყე ბოსტონში. მაშინ ამის კრიტიკული აუცილებლობა იყო, მე მყავდა პირველი სიყვარული და მისთვის იყო ძალზედ მნიშვნელოვანი რას მოვუმზადებდი. ამისთვის მე დედას ვურეკავდი საფრანგეთში და ის მკარნახობდა რეცეპტებს – ასე მოვამზადე ქათმის ფილე ღვინოში. ეს დედაჩემის საფირმო კერძია და საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია. ქათმის ფილეს ჭრით თხელ ნაჭრებად, ამოავლებთ ფქვილში და წვავთ ტაფაზე, შემდეგ კი მოათავსებთ მას ღვინის წვენში, დააყრით ბევრ მწვანილს და კერძი მზადაა. დედას დღესაც მუდამ ვურეკავ ამ თემაზე, მთელი ჩემი კულინარიული შესაძლებლობები მისი დამსახურებაა. მთავარი კი მე ბებიამ ამიხსნა, უნდა აკეთო მთელი გულით. თუ კერძში, რომელსაც ამზადებ სიყვარული ჩადე, ეს სიყვარული უკან გიბრუნდება. დავრწმუნდი, რომ ეს სიმართლეა. “
სოფო შევარდნაძე ინტერვიუში იხსენებს, როგორ ამზადებდა დედა ჩაქაფულს პარიზში ყოფნისას, მაშინ როცა ქართული კერძი ენატრებოდა. ტელეწამყვანის თქმით, ჩაქაფული ნამდვილი მამაკაცების საჭმელია, რომლებსაც არ ერიდებათ ხინკლის ხელით ჭამა, რომლებსაც უყვართ მწვადი და სვამენ ქართულ ღვინოს; „მე მიყვარს, როცა ჩაქაფული ცოტა მომჟავო გემოს ატარებს, ამიტომ ხშირად ვაზავებ მას ტყემლით და მივირთმევ თეთრ ღვინოსთან ერთად“ -ამბობს ინტერვიუში სოფო შევარდნაძე.