რუსული ELLE რუსული ბიზნესის გავლენიან ქალებთან ინტერვიუების სერიას სოფო შევარდნაძესთან ინტერვიუთი ხსნის. საუბარი ქართველ ტელწამყვანთან, რომელიც დიდი ხანია, რუსეთში ცხოვრობს და კარიერა სწორედ იქ გაიკეთა, ცნობილი ჟურნალის რუსულმა გამოცემამ „იუთუბზე“ ახლახან ატვირთა.
სოფო შევარდნაძემ ჟურნალისტის სხვადასხვა კითხვას უპასუხა, მათ შორის იმას, როგორი ცხოვრების წესს მისდევს.
„ჩემი პრინციპები იგივეა, რაც დარწმუნებული ვარ თქვენი, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გამოიყურებით… ჯანსაღი ცხოვრების წესს მივსდევ. თითქმის ყოველდღე ვცურავ, ან დავბრივარ, ზოგჯერ სავარჯიშო დარბაზსაც ვსტუმრობ, ერთი დღე საერთოდ არაფერს ვაკეთებ, რომ სხეული დავასვენო. მიყვარს ჯანსაღი კვება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე რომ მომინდეს, არ მივირთმევ. მთავარი კი ისაა, რომ კარგად რომ გამოიყურებოდე, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს, მათ შორის, შენი ნაკლოვანებებითაც… ჯობია, გამხდარი იყო, ვიდრე მსუქანი – ასეთი დამოკიდებულება არ მესმის. ვფიქრობ, რომ უნდა იყო ისეთი, როგორიც ხარ“.
სოფო შევარდნაძემ ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ მას სექსუალურად ავიწროვებდნენ, მათ შორის ისეთ დროს, როცა ბაბუა, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობაზე იყო, თუმცა ყოველთვის შეეძლო ხურდის დაბრუნება – „თუკი მამაკაცს ქალი სურს, მას არაფერი შეაშინებს, მაგრამ მე ყოველთვის შემეძლო თავის დაცვა. არასდროს მესმოდა, თუკი არ გინდა, რომ ხელი შეგახონ, ამას ყოველთვის აღუდგები წინ. მერე სხვა ქალებმა მითხრეს, რომ თქვენსავით ბევრს არ გამოსდის მამაკაცისთვის წინააღმდეგობის გაწევაო. მერე დავფიქრდი, რომ ბევრი სხვადასხვა სიტუაცია არსებობს და ქალებს სხვადასხვა ბექგრაუნდი აქვთ. ძალიან ეგოისტურად ვფიქრობდი, რომ ყველა ქალს შეუძლია, მამაკაცს უარი უთხრას. ამიტომ ახლა ვფიქრობ, რომ მამაკაცებმა პატივი უნდა გვცენ, როგორც პროფესიონალებს და არა იმიტომ, რომ ლამაზები ვართ“.