2021 წელს გამოცდებისა და შეფასების ცენტრი სპეციალურ პირობას 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეუქმნის. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” განაცხადა.
სოფო გორგოძის თქმით, სპეციალური საჭიროების მქონე აბიტურიენტს გამოცდაზე დავალების შესრულების რამდენიმე ალტერნატივას სთავაზობენ. მათ შორის გორგოძემ დაასახელა, დინამიკთან ახლოს ჯდომა, ყურსასმენებით მოსმენა ან დამხმარე ადამიანის წინ ჯდომა, რათა მან წაუკითხოს ტექსტი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებითვე, წელს ამ მიმართულებით გარკვეული პროცედურები დაიხვეწა, მათ შორის გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაციები.
“წელს, 300-ზე მეტ გამოსაცდელს შეექმნება სპეციალური პირობა. ჩვენ ყოველწლიურად, რეგისტრაციის დროს ვანიშნინებთ გამოსაცდელებს სჭირდებათ თუ არა მათ კონკრეტული სპეციალური პირობა.ამის შემდეგ სპეციალური კომისია განიხილავს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე როგორი პირობა უნდა შევუქმნათ აბიტურიენტებს.
ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო დავხვეწეთ ეს პროცედურები, რადგან ჩავატარეთ კვლევა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ის პირები, რომლებმაც 2005 წლიდან მოყოლებული გაიზიარეს ეს პროცესი. კვლევის შედეგად ვნახეთ რომ უმეტესობა კმაყოფილი იყო ჩვენი სერვისით. თუ რაიმე ხარვეზი იყო და ფიქრობდნენ, რომ რაღაც დამატებითი სერვისი შეგვეძლო შეგვეთავაზებინა, წელს ესეც გავითვალისწინეთ.
ძირითადად საუბარი იყო მეტ კომუნიკაციაზე. რაღაც არჩევანს ვაძლევთ მაგალითად, სმენა დაქვეითებულ აბიტურიენტს ჰქონდეს სხვადასხვა სპეციალური პირობა შექმნილი, შეიძლება იყოს სმენის აპარატის შეტანა, დინამიკთან ახლოს დაჯდომა, შეიძლება იყოს წამკითხველის დახმარება და ა.შ.
კომისია წყვეტს, რომელი მიესადაგება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში კომუნიკაცია უფრო გააქტიურდა. აბიტურიენტმა წინასწარ იცის, რომელი შეთავაზება გვაქვს მასთან, მასაც შეუძლია რომელიმე ერთი კონკრეტული შეთავაზება მოითხოვოს, ამიტომ ამ მიმართულებით წელს დაიხვეწა გარკვეული პროცედურები.
ასევე, გავითვალისწინეთ სახალხო დამცველის რეკომენდაციები, რომლებიც შარშან მივიღეთ მსგავსი საჭიროების აბიტურიენტებისთვის. ამიტომ, ვფიქრობ, წელს მზადყოფნაში ვართ ამ აბიტურიენტების მისაღებად”- განაცხადა სოფო გორგოძემ “ფორტუნას” ეთერში.
რაც შეეხება ძირითად რეკომენდაციებს, რომელიც უნდა დაიცვას მისაღებ გამოცდაზე მისულმა აბიტურიენტმა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, გამოსაცდელებმა უნდა იხელმძღვანელონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციებით, კერძოდ, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას.
“იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეში სავალდებულოა პირბადის ტარება, აქაც პირბადის ტარება მოთხოვნილია როგორც რეგისტრაციის პერიოდში, ასევე უშუალოდ გამოცდის მიმდინარეობის პროცესში. რაც იმას ნიშნავს, რომ წერის პროცესში აბიტურიენტებს და სხვა გამოსაცდელებს უნდა ეკეთოთ პირბადე”.- განაცხადა სოფო გორგოძემ.
ცნობისთვის, გამოცდები 2021-ის მთავარი სიახლე იქნება ის, რომ საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან ის აპლიკანტები, რომლებსაც გამოცდების მიმდინარეობისას ვირუსი დაუდასტურდებათ.
ამავე თემაზე: