სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თაფლის მწარმოებლელ კოოპერატივებს პროდუქციის ხარისხის კონტოლს წლის ბოლომდე უფასოდ სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” სურსათის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი გულედანმა განუცხადა, ამ დროისთვის ლაბორატორიაში იმ მეთოდოლოგიის დანერგვა მიმდინარეობს, რაც ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გატანისთვის არის საჭირო, თუმცა, ვიდრე ეს პროცესი დასრულდება მეწარმეებს ზოგადი ხარისხობრივი ანალიზის ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.
”ვიდრე ახალი მეთოდების ვალიდირება მიმდინარეობს, მეფუტკრეებს და კოოპერატივებს ვთავაზობთ, უფასოდ შევუმოწმოთ თაფლი. ჯერჯერობით, არცერთი ნიმუში არ შემოსულა, რადგან ამ დროისთვის მიმდინარეობს კოოპერატივების რეგისტრაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ლაბორატორია შეძლებს თაფლის ანალიზს ჩატარებას და შესაბამისი სერტიფიკატის გაცემას,” – განაცხადა გულედანმა.
მისი თქმით, მართალია, მეწარმეებს სერტიფიკატი მეთოდოლოგიის დანერგვამდე თაფლის ევროკავშირში ექსპორტიოსთვის არ გამოადგებათ, მაგრამ ეცოდინებათ თავიანთ საქმიანობაში რა უნდა გაითვალისწინონ.
ყოფილა შემთხვევები, როცა თაფლში ანტიბიოტიკი აღმოგვიჩენია. ვეკითხებით მეფუტკრეს, თუ საიდან მოხვდა ანტიბიოტიკი თაფლში და გვპასუხობენ, რომ არ იციან. პესტიციდების აღმოჩენა თაფლში კიდევ გასაგებია, რადგან ფუტკარმა შეიძლება პესტიციდი შეწამლული ბაღიდან გადაიტანოს თაფლში, მაგრამ ეს ძალიან უმნიშვნელო იქნება და შეიძლება არც გამოჩნდეს. ანტიბიოტიკი კი მეფუტკრემ თვითონ უნდა დაუდოს ფუტკარს, რომ ფუტკარმა მერე ეს თაფლში გადაიტანოს. ანტიბიოტიკი თაფლში ჰაერიდან არ მოდის და ფუტკარი აფთიაქში მას ვერ იყიდდა,” – აღნიშნა გულედანმა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მცენარეთა, ცხოველთა ტესტირებას და სურსათის ექსპერტიზას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. თაფლის ხარისხობრივი ექსპერტიზა კი ლაბორატორიაში 2006 წლიდან ტარდება.