პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, სოციალური სამსახურების სისტემა ჩამოშლილია და ფემიციდის კიდევ ერთ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა კვლავ ხელისუფლებას ეკისრება.
ამის თაობაზე ანა დოლიძის განცხადებას პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ავრცელებს:
„ვარკეთილში ახალგაზრდა ქალის საზარელი მკვლელობის ფაქტზე პასუხისმგებლობა ისევ ხელისუფლებას ეკისრება.
„ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ოღონდ სვამდა.. სამი დღე მთვრალი იყო, დავტუქსე კიდეც“ – ქმრის მიერ მოკლული ქალის მამა პირველ კომენტარს აკეთებს
გარდაცვლილი ქალი 27 წლის ქეთევან ედიბერიძეა, ბრალდებული - გიორგი კავლელაშვილი.
ხელისუფლება არ დგამს რაიმე ნაბიჯს, იმისთვის, რომ შეამციროს მსგავსი საზარელი ქმედებები. პირიქით, ყოველკვირეულად გვესმის საზარელი შემთხვევა ოჯახში ძალადობის შესახებ.
სოციალური სამსახურების სისტემა თითქმის ჩამოშლილია. ნორმალურ სახელმწიფოში სწორედ სოციალური სამსახურის მოვალეობა არის მსგავსი მგრძნობიარე ვითარება აღმოაჩინოს და მოახდინოს ასეთი ოჯახური ძალადობის პრევენცია“, – აცხადებს ანა დოლიძე.
როგორც იგი აღნიშნავს, საქართველოში პრევენციის მექანიზმები სათანადოდ არ მუშაობს.
„სინამდვილეში საქართველოში არც პრევენციის მექანიზმები მუშაობს, სოციალური სამსახურის სახით, არც გამოძიების მექანიზმები მუშაობს.
ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ ისეთი სოციალური სამსახური, რომელიც არის ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რომელსაც ექნება სურვილი, საშუალება და კომპეტენცია, დროულად დააკვირდეს ოჯახში ვითარებას და თავიდან აირიდოს ოჯახში ძალადობის საზარელი შემთხვევები“. – აცხადებს ანა დოლიძე.
ინფორმაციისთვის, თბილისში ქმარმა ცოლი ცივი იარაღით 9 დეკემბერს მოკლა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლამდე ასაკის მამაკაცმა ცოლის დაჭრის შემდეგ დაზიანებები თავადაც მიიყენა.