LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“: მშენებლობაზე დაღუპული მუშის ოჯახმა 40,000 ლარის კომპენსაცია მიიღო 

142
ვეფხია ხუჭუა

2019 წლის მარტში ორთაჭალაში მშენებლობაზე დაღუპული ერთ-ერთი დასაქმებულის, ვეფხია ხუჭუას ოჯახმა სამშენებლო კომპანიისგან კომპენსაცია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ავრცელებს, რომელიც დაღუპულის მეუღლის, ნინო მჭედლიძის ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის 23 მაისს სამშენებლო კომპანია „ემ ჯი ალიანსს“, შრომის უსაფრთხოების სფეროში მომუშავე კომპანია „ეიჩ ეს ი სერვის გრუპსა“ და მშენებლობაზე გარდაცვლილის ოჯახს შორის მორიგების აქტი გაფორმდა.

როგორც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ წერს, მორიგების ფარგლებში, მოპასუხე კომპანიებს დაეკისრათ:

  1. მოსარჩელეებისთვის ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული მორალური ზიანის კომპენსაციის სახით 40 000 ლარის გადახდა;
  2. გარდაცვლილის შვილისთვის, მცირეწლოვანი ბავშვისათვის 2 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა;
  3. გარდაცვლილის მეუღლისთვის შრომის უსაფრთხოების სპეციალიზებული კურსის გავლის დაფინანსება.

ცნობისთვის, 2019 წლის მარტში შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ სამშენებლო ობიექტის მე-11 სართულის სიმაღლეზე მომუშავე მღებავი – 31 წლის ვეფხვია ხუჭუა, ორ მუშასთან ერთად, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო (სამუშაო კალათის გაწყვეტის შედეგად), სიმაღლიდან ვარდნის შედეგად გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახმა (მეუღლე, დედა და არასრულწლოვანი შვილი) შპს „ემ.ჯი. ალიანსის“ და შპს „ეიჩ ეს ი სერვის გრუპისგან“ სოლიდარულად მოითხოვა მორალური ზიანისა და სარჩოს ანაზღაურება.

ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში, სამშენებლო სექტორში ყველაზე მეტი მშრომელი იღუპება. 2011-2021 წლების მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა 514 ადამიანი. 2011-2021 წლების მონაცემებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილზე დაშავდა 1767 და დაიღუპა 514 ადამიანი.