სოციალური მუშკების გაფიცვით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია აცხადებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს.
„ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას,”- აღნიშნავს მინისტრის მოადგილე.
მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მათ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრები გამართეს და პრობლემების მოგვარებისკენ რიგი ნაბიჯებიც გადადგეს, თუმცა, ეს სოც მუშაკებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
“სამინისტროს ჩამოყალიბებული აქვს კონკრეტული სამუშაო გეგმა დაუყოვნებლივი, საშუალო ვადიანი და ხანგრძლივ ვადიანი ინტერვენციების მიმართულებით. ეს ყოველივე შეიცავს რამდენიმე პუნქტს, რომლიდანაც ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე ახლაც მიმდინარეობს მუშაობა და რამდენიმე კვირაში იქნება განხორციელებული და ასევე არის საკითხები, რომელთა განხორციელება შედარებით გრძელვადიან პერსპექტივაშია შესაძლებელი.
ამ გეგმის შემუშავებაში ასევე იმპლემენტაციაში ჩართულები არიან, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე მისი ერთ-ერთი განმახორციელებელი უწყება სოციალური მომსახურების სააგენტო. ასევე დამატებით შექმნილი არის მართვის და კოორდინაციის ინსტრუმენტი, სპეციალური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს მინისტრი და რომლის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ სოციალური მუშაკები.
ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას.
როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან,”- აღნიშნავს თამარ ბარკალაია.
სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. ისინი დილიდან მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
ისინი უკვე თვეზე მეტია სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ. ჯამში მათ 22 მოთხოვნა აქვთ. თუმცა, აქედან 5 მოთხოვნის დაუყოვნებლივ შესრულებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ხელფასების ზრდა, ტრანსპორტირების უზრუნველყოფა და კადრების დამატება. აქციას უკვე შეუერთდნენ სოციალური მუშაკები რეგიონებიდანაც. დღის ბოლომდე კი აქციაზე მისვლას საინიციატივო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები და პროფკავშირების წარმომადგენლებიც აპირებენ.
სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ მიმდინარე წლის 8 თებერვალს დაიწყეს. თვენახევრიანი მედიაციის პროცესი კი უშედეგოდ დასრულდა.