საქართველოს ბანკმა, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერმა საფინანსო ინსტიტუტმა, მორიგი ჯილდო მოიპოვა. ამჯერად მცირე და საშუალო ბიზნესის საბანკო სააგენტომ (SME Banking Agency) საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი და ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა. აღსანიშნავია, რომ რეგიონულ რეიტინგში საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი 60-ზე მეტ საფინანსო ინსტიტუტს შორის მეორე ადგილს იკავებს. საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი კი რეგიონში წამყვან 10 საბანკო აპლიკაციას შორის მოხვდა.
აღსანიშნავია, რომ SME Banking Agency ანალიტიკური გამოცემაა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტისთვის საუკეთესო ბიზნეს ინტერნეტ და მობილ ბანკის მქონე საფინანსო ინსტიტუტებს. ამჯერად SME Banking Agency-ის ექსპერტთა საბჭომ საერთაშორისო კვლევა წარადგინა, რომელშიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნესებისთვის განკუთვნილი ინტერნეტ ბანკების ეფექტურობა შეაფასა.
კვლევის მეშვიდე გამოცემის ფარგლებში, სააგენტომ გააანალიზა 60 ბანკი (62 ინტერნეტ ბანკი), რომლებიც აქტიურად მუშაობენ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტთან 9 ქვეყანაში: აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, ტაჯიკეთში, უზბეკეთსა და უკრაინაში. სწორედ ამ კვლევის შედეგების მიხედვით გამოვლინდა აღნიშნულ რეგიონებში ბიზნესისთვის საუკეთესო ონლაინ ბანკები.
რაც შეეხება მობილბანკის კატეგორიას, ამ მიმართულებით SME Banking Agency-ის ექსპერტებმა საწყის ეტაპზე შეარჩიეს მინიმუმ 10 ათასი ჩამოტვირთვისა და მინიმუმ 3.5 რეიტინგის მქონე აპლიკაციები (საშუალო მონაცემები GooglePlay-ისა და AppStore-ის მიხედვით). ამგვარად, კვლევის მოკლე სიაში 8 ქვეყნიდან 33 მობილური საბანკო აპლიკაცია მოხვდა. თითოეული განაცხადი კი 112 კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა.
„ჩვენთვის, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი საფინანსო ინსტიტუტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივად განვავითაროთ პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მცირე და საშუალო ბიზნესის ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება. ამ პროდუქტების რეგიონულ დონეზე აღიარება კი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ არ ვჩერდებით და მომხმარებლებს ვაწვდით მათ ინტერესებზე მორგებულ, ეფექტიან ხელსაწყოებს საკუთარი ბიზნესის განვითარებისთვის. საქართველოს ბანკის ბიზნეს ინტერნეტბანკი და ბიზნეს მობილბანკი ერთ-ერთი ნაწილია ბანკის მასშტაბური ციფრული ეკოსისტემის, რომელიც მუდმივად ვითარდება და პასუხობს ტექნოლოგიური ინდუსტრიის და ბიზნესის მოთხოვნებს“, – ამბობს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ციფრული კლასტერის Product owner-ი ცირა ლოლაძე.
ცნობისთვის, ანალიტიკური გამოცემა SME Banking Agency ეკუთვნის SME Banking Club-ს, რომელიც საერთაშორისო პლატფორმაა ბიზნეს ბანკირებისთვის. პლატფორმა აძლევს მათ საშუალებას, ერთმანეთს ინფორმაცია, ანალიტიკა და გამოცდილება გაუზიარონ. ამასთან, პლატფორმა სწავლობს, თუ როგორ ვითარდება ადგილობრივი, რეგიონული და გლობალური ბაზრები მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.
დაიწყე ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის გამოყენება ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხარ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენი ანგარიში მარტივად ონლაინ.
(R)